„ვან ბასტენზე ამბობდნენ, დაფრინავდაო, ხვიჩაც ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს“ | ჟოან მიკუ
„ბორდოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟოან მიკუმ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ფრანგმა შემტევმა ნახევარმცველმა „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი შეაქო და „კვარა“ ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატთა შორის დაასახელა.
„კვარაცხელია ძალიან მომწონს. პირადად მე, მას ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატებს შორის შევიყვანდი. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. მისდა სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონატის წელია და ოქროს ბურთის მოგება გაუჭირდება, მაგრამ უმაღლესი დონის მოთამაშეა.
კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდისთვის აკეთებს იმას, რაც ხშირად არ ჩანს. მან საკუთარი ფორმა იპოვა და ამ მომენტისთვის ბრწყინვალე კონდიციებშია. წლების წინ ფეხბურთელები, რომლებიც მარკო ვან ბასტენის მხარდამხარ თამაშობდნენ, ამბობდნენ, რომ რჩებოდათ შთაბეჭდილება, თითქოს ნიდერლანდელი მინდორს საერთოდ არ ეხებოდა და თამაშის დროს დაფრინავდა. ვფიქრობ, როცა კვარაცხელია მოედანზე გადაადგილდება, იმდენად მსუბუქი და თავისუფალია, რომ გრჩება შთაბეჭდილება, თითქოს მიწას საერთოდ არ ეხება.
ნანტთან საოცარი გოლი გაიტანა და ყოველთვის მზადაა, გუნდისთვის ძალისხმევა გაიღოს. ასეთ თამაშშიც კი ბრუნდებოდა უკან. ცალკე აღნიშვნის ღირსია შრომა, რომელსაც გუნდისთვის ეწევა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამაზე არ ფიქრობენ და მხოლოდ გოლების გატანა უნდათ, კვარა მათ შორის არ არის.“
Whoscored-ის მიხედვით, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მატჩებში კვარაცხელიას მოსალოდნელი გოლების ინდექსი 3.84 გახლავთ, მაგრამ მას 8 გოლი აქვს გატანილი. ამ მხრივ ის ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოა და მოსალოდნელზე 4.16-ით მეტი ბურთი შეაგდო.