საგოლე გადაცემა და შესრულებული პირობა | მექვაბიშვილმა ფანი გაახარა
რუმინეთის საჩემპიონო ჯგუფის მეექვსე ტურში ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ „არგესს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერია და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„კრაიოვამ“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე გავიდა. მექვაბიშვილმა საგოლე გადაცემა მიითვალა და მისი ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ „არგესის“ კარი ტელესმა აიღო.
ანზორმა მოედანზე 67 წუთი გაატარა და სოლიდური შეხვედრა ჩაატარა. მატჩის შემდეგ კი „კრაიოვას“ ახალგაზრდა გულშემატკივარი გაახარა. მექვაბიშვილი ერთ-ერთ ქომაგს დაჰპირდა, რომ საკუთარ მაისურს აჩუქებდა და პირობა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელი მას საფინალო სასტვენის შემდეგ შეხვდა და მასთან ფოტოც გადაიღო. „ქართველი ანზორ მექვაბიშვილის გაკვეთილი, თუ როგორ ვიყოთ ჰუმანურები. რა მოხდა არგესთან მატჩის შემდეგ“, — ასე გამოეხმაურა Fanatik მექვაბიშვილის ჟესტს.
ცნობისთვის, „კრაიოვას“ 42 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „კლუჟს“ 3 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და ანზორსა და კომპანიას კარგი შანსი აქვთ, ჩემპიონები გახდნენ.