„დრიბლინგი, მოედნის ხედვა და დარტყმები“ | ბოლო ინფორმაცია ბართიშვილსა და არსენალზე
Mirror-ისა და Football London-ის ჟურნალისტმა, რაიან ტეილორმა, ანდრია ბართიშვილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით „არსენალია“ დაინტერესებული და „მეთოფეები“ ბართიშვილის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ.
„არსენალი მაქსიმალურად ცდილობს, 17 წლის ქართველი ტალანტი, ანდრია ბართიშვილი გაიფორმოს. კლუბის სკაუტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაურიციო მიკელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს პირადად უძღვება. ტრანსფერი გარანტირებული არ არის და Brexit-ის წესების გამო, არსენალში გადასვლა მხოლოდ 18 წლის შესრულების შემდეგ შეეძლება“, — აცხადებს ტეილორი.
ბართიშვილის ტრანსფერის პერსპექტივამ ინგლისურ პრესაში მისდამი ინტერესი გააჩინა. Arsenal Insider-მა სტატია გამოაქვეყნა და ანდრია საკუთარ მკითხველს გააცნო: „ტანმორჩილ და ტექნიკურად ძლიერ ბართიშვილს შეუძლია ითამაშოს როგორც „რვიანზე“ და „ათიანზე“, ისე მარცხენა ან მარჯვენა გარემარბად.
მისმა უნივერსალურობამ, დრიბლინგის უნარმა, მოედნის ხედვამ და შორეულმა დარტყმებმა არსენალის სელექციონერებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჯერჯერობით გარანტირებული არაფერია, თუმცა კლუბი ამ ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს“, — წერს ლონდონური გამოცემა.
ცნობისთვის, ბართიშვილი ფოთის „კოლხეთი 1913“-ის საკუთრებაა და იჯარის წესით თბილისის „იბერია 1999“-ში თამაშობს. „Transfermarkt“-ზე მისი საბაზრო ღირებულება 1.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.