„ფეხბურთს რეპუტაცია მთლიანად შეულახა“ - ფიგუმ ინფანტინო გააკრიტიკა
უკანასკნელი თვეების განმავლობაში FIFA-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს საქციელი ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს - მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ყველა ჯერ მუნდიალის მსვლელობისას, დონალდ ტრამპის მითითებით აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელის ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმებით აღაშფოთა, ხოლო რამდენიმე დღის წინ საცდელად ახალი იდეა დააანონსა მსოფლიოს ჩემპიონატის წილების გაყიდვის თაობაზე, რის გამოც UEFA-ს წევრი ასოციაციების მხრიდან მუნდიალის ბოიკოტის მუქარა მიიღო და შესაბამისად, იდეა იდეათვე დარჩა. ინფანტინოს საქციელს მიუღებლად მიიჩნევს ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვა, ჯანი ინფანტინო თანამდებობიდან აუცილებლად უნდა გადადგეს. ფეხბურთს რეპუტაცია თავიდან ბოლომდე შეულახა და მეტი რა უნდა მოიქმედოს, რომ წასვლის საჭიროებას მიხვდეს? დისკვალიფიკაციის გაუქმებიდან დაწყებული მატჩების შესვენების დროის გაზრდით დამთავრებული ყველაფერი გააკეთა, რომ თავისი მეგობრები ესიამოვნებინა. არ მიკვირს, რომ იორდანიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი პრინცი ალი მის გადაწყვეტილებებს მიესალმება - ეს ხომ ერთი ბრბოა, რომლებიც FIFA-ს სარეზერვო ფონდის თანხებს ინვესტორებისა და ადმინისტრატორების გაბერილ ხელფასებს ახმარს“.
შეგახსენებთ, რომ ჯანი ინფანტინოს იდეებს მისივე ორგანიზაციის თანამშრომლებიც დაუპირისპირდნენ და FIFA-ს გლობალური ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ კარგია ინფანტინოს წინადადებას ასეთი მწვავე რეაგირება რომ მოჰყვა.