თორნიკე ძებნიაური
Aa
Aa

ბოლო სამ ტურში მეორედ გაიტანეს - პაპავა და ძებნიაური კარგ ფორმაში არიან

უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში უკანასკნელ პერიოდში ქართველი ფეხბურთელებიდან განსაკუთრებით კარგ შთაბეჭდილებას გიორგი პაპავა და თორნიკე ძებნიაური ტოვებენ. ოკმკ-სა და „ტერმეზის“ ლეგიონერებმა ბოლო სამ ტურში მეორედ გამოიჩინეს თავი და საკუთარ გუნდებს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დიდი დახმარება გაუწიეს.

პაპავა და მისი თანაგუნდელები სუპერლიგის 22-ე ტურში სტუმრად „სოგდიანასთან“ 83-ე წუთამდე მარცხდებოდნენ, სანამ საქმეში კლუბის ქართველი კაპიტანი არ ჩაერია. გიორგი შეტევის დროს ტრადიციულად მეტოქე გუნდის საჯარიმოში იყო ჩასული და არეულობისას ვითარებაში ყველაზე კარგად გაერკვა და წონასწორობა აღადგინა. ამ გოლიდან ზუსტად ერთ წუთში სტუმრებმა კიდევ ერთი გაიტანეს და 2:1 გაიმარჯვეს.

რაც შეეხება ძებნიაურს, „ტერმეზმა“ საკუთარ სტადიონზე „კოკანდი“ სწორედ მისი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა - თორნიკემ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ბრწყინვალე დარტყმით სამი ქულის მომტანი ბურთი გაიტანა. ძებნიაური მწვრთნელმა არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალა. რაც შეეხება „კოკანდის“ ქართველ ლეგიონერებს, შოთა გვაზავამ 62 წუთი ითამაშა, ხოლო ანდრო გიორგაძე და თომა ტაბატაძე შეცვლაზე 92-ე და 86-ე წუთებზე შევიდნენ.

ცნობისათვის, ოცდაორ ტურში დაგროვებული 26 ქულით „ტერმეზი“ სატურნირო ცხრილში მეთორმეტე ადგილზეა, ხოლო ოკმკ 35 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. პაპავას ანგარიში მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე პასია, ხოლო ძებნიაურის აქტივში 17 მატჩში 3 გოლი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი ზედიზედ მე-3 მატჩში - კვერნაძემ კომოს გაუტანა, ფროზინონემ კი ისევ მოიგო
გოლი ზედიზედ მე-3 მატჩში - კვერნაძემ კომოს გაუტანა, ფროზინონემ კი ისევ მოიგო