ჯგერენაიას ლამაზი გოლი - ქართველმა მცველმა უზბეკეთში გაიბრწყინა
„იბერია 1999“-დან წასვლის შემდეგ გიორგი ჯგერენაიამ კარიერის უზბეკეთის ჩემპიონატში გაგრძელება გადაწყვიტა და ისევე როგორც Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში, 32 წლის ქართველი ცენტრალური მცველი აზიაშიც საკუთარ საქმეს იდეალურად ასრულებს. თუმცა, სუპერლიგის 22-ე ტურში, დაკისრებული მოვალეობის ჩინებულად თავის გართმევის გარდა, შეტევაში პროდუქტიულობითაც გამოირჩა.
„ნავბაჰორი“, რომლის ღირსებასაც გიორგი იცავს, „დინამო სამარყანდთან“ საშინაო შეხვედრაში 39-ე წუთისთვის 1:2 მარცხდებოდა და მაშინ როდესაც ნამაგანელთა ფორვარდები სტუმრებს საიმედოდ ჰყავდათ განეიტრალებული, ჯგერენაიამ საჯარიმოს მისადგომებთან ბურთის მიღების შემდეგ, უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმისთვის დარჩენილ დროში მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს და 3:2 მოიგეს, გიორგის გოლი კი ნამდვილად ყველაზე ლამაზი იყო.
ცნობისათვის, გიორგი ჯგერანაიამ სრულად ითამაშა, ხოლო მასპინძლების კიდევ ერთი ქართველი მცველი ანრი ჭიჭინაძე ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ოცდაორ ტურში დაგროვებული 44 ქულით „ნავბაჰორი“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ „ფახთაქორს“ 5 ქულით ჩამორჩება.