ბათუმელებმა შანსი გამოიყენეს - ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 27-ე ტურში „ტორპედოს“ დამარცხების შემთხვევაში, „დინამო ბათუმი“ სატურნირო ცხრილს სათავეში მინიმუმ ერთი დღით ჩაუდგებოდა, რის გამოც ამ თამაშს გიორგი ჭიაბრიშვილის ფეხბურთელები უდიდესი მოტივაციით შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ 90 წუთის განმავლობაში უამრავ სირთულეს წააწყდნენ და ქუთაისელებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, საბოლოო ჯამში ზღვისპირელებმა მაინც გაიმარჯვეს და დროებით გალიდერდნენ.
23-ე წუთზე სტუმრები კომნენ ანდრიჩმა თავური დარტყმით დააწინაურა, რომელმაც ვლადიმერ მამუჩაშვილის ჩაწოდება გამოიყენა. ქუთაისელებმა უპირატესობა პირველ ტაიმში ვერ შეინარჩუნეს და კომპენსირებულ დროში „ტორპედოს“ საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად თორნიკე კირკიტაძემ ისარგებლა. მეორე ნახევრის სტარტზე ლუკა ლაკვეხელიანის ჩინებული გადაცემის შემდეგ „დინამო ბათუმი“ გურამ ჯაფარიძემ დააწინაურა. ამ მომენტიდან ზუსტად რვა წუთში კი „ტორპედოს“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან ბოლო იმედის ჯარიმისთვის არბიტრმა მატეო სტამატოვი გააძევა. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა შუსტერის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და 77-ე წუთზე დიეგო დეისაძემ გაათანაბრა, თუმცა ქუთაისელებმა ბოლომდე ვერ გაძლეს და არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ბურთი ულად ომარ-იმრანისგან გაუშვეს და საბოლოო ანგარიშ 3:2 დაფიქსირდა.
ცნობისათვის, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 27-ე ტური ხვალ ორი შეხვედრით დასრულდება - „რუსთავი“ „იბერიას“ უმასპინძლებს, ხოლო „სპაერის“ მეტოქე გორის „დილა“ იქნება. ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილს 47 ქულით „დინამო ბათუმი“ ლიდერობს, თუმცა ხვალ გამარჯვების შემთხვევაში „რუსთავი“ პირველ ადგილს დაიბრუნებს.