მიქაუტაძის მაგარი მატჩი ლევანტესთან - გაიტანა და დუბლთან ახლოს იყო
გიორგი მიქაუტაძისთვის 23 წუთი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ „ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელისთვის ინიგო პერესისთვის დაემტკიცებინა, რომ მისი თადარიგში დატოვებით ის ძალიან მწარედ ცდება. „ყვითელი სუბმარინას“ თავკაცმა წინა ტურში „მალაგასთან“ (3:1) მატჩის მსგავსად, საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტოში ამჯერადაც არ დააყენა და შვებით მანამდე ვერ ამოისუნთქა, სანამ ქართველმა ფორვარდმა ჩვეული ცივსისხლიანობით მატჩის ბედი არ გადაწყვიტა.
67-ე წუთისთვის, ანუ მაშინ როდესაც მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა, „ვილიარეალი“ „ლევანტეს“ 2:1-ს აიოსე პერესისა და ალბერტო მოლეიროს გოლებით ამარცხებდა, რასაც სტუმართა მხრიდან ივან რომერომ უპასუხა. „ყვითელი სუბმარინა“ წინ იყო, მაგრამ სტუმრები საკმაოდ სახიფათო ჩხვლეტებს ახორციელებდნენ და საჭირო იყო მოედანზე ისეთი ფორვარდი, რომელიც ზუსტი დარტყმით ინტრიგას მოკლავდა. სწორედ ეს გააკეთა 86-ე წუთზე მიქაუტაძემ, რომელმაც პირველივე მომენტი სათანადოდ გამოიყენა და დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა სტუმართა მეკარეს თავისიანების გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვა.
გიორგის დუბლის შესრულებაც შეეძლო, როდესაც მარცხენა ფლანგზე ბურთის მიღების შემდეგ ბრწყინვალე დრიბლინგით შევიდა „ლევანტეს“ საჯარიმოში და მისი დარტყმა ბოლო მომენტში დაბლოკეს. ჯამში მიქაუტაძე ბურთს 18-ჯერ შეეხო და პასები 100-პროცენტიანი (7-დან 7) სიზუსტით შეასრულა, ათბალიანი სისტემით კი, 7.6 მეათედი შეფასება მიიღო.
ცნობისათვის, გიორგი მიქაუტაძის აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 8 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე პასია. აქვე ერთ საინტერესო დეტალსაც მოგახსენებთ, „ვილიარეალის“ შემადგენლობაში სადებიუტო ბურთი ქართველმა ფორვარდმა ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 20 სექტემბერს „ოსასუნასთან“ გაიტანა და როგორც ხედავთ ეს თარიღი წელსაც სათანადოდ აღნიშნა.