„შენი კარიერა ფეხბურთის ისტორიის ნაწილია“ | ინფანტინომ რონალდუს მიმართა
FIFA-ს პირველი პირი, ჯანი ინფანტინო კრიშტიანუ რონალდუს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და ინფანტინომ მასზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა.
„ძალიან ცოტა ფეხბურთელს შეუღწევია გულშემატკივრების გულებში ისე, როგორც ეს კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა. კარიერა, რომელიც დაფუძნებულია საოცარ ტალანტზე, დაუღალავ თავდადებასა და დაუოკებელ სურვილზე, რომ შესაძლებლობების საზღვრები გადაილახოს.
კრიშტიანუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ექვს სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა და კაცთა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. რონალდუს მიღწევები შესაძლოა ვერასდროს ვერავინ გაიმეოროს, მაგრამ მისი მემკვიდრეობა ბევრად შორს მიდის, ვიდრე რეკორდები, ტიტულები და გოლებია.
მან თაობები შთააგონა, მილიონობით გულშემატკივარი გააერთიანა და მსოფლიოს უდიდეს სცენებზე პორტუგალიის იმედი და სიამაყე იყო. მადლობა, კრიშტიანუ, სიყვარულისთვის, დაუვიწყარი მომენტებისთვის და იმ წვლილისთვის, რომელიც „სელესაოს“ მაისურით ჩვენს საყვარელ ფეხბურთში შეიტანე. შენი სანაკრებო კარიერა სამუდამოდ ფეხბურთის ისტორიის ნაწილი იქნება“.
ცნობისთვის, რონალდუ პორტუგალიის ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავდა. მან ეროვნული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 234 მატჩი ჩაატარა, 146 გოლი გაიტანა (რაც ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგია) და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს