„მერაბთან ფავორიტი არ ვარ“ - იანის გეგმა
ბოლო ორი დღის განმავლობაში კალიფორნია შერეული ორთაბრძოლების მოყვარულების ეპიცენტრად იქცა. გარდა იმისა, რომ UFC 331-ის ძალიან დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლები ჩატარდა, ქომაგებმა UFC 333-ის მთავარი და თანამთავარი მოვლენის მონაწილეების პრესკონფერენციაც იხილეს. მედიასთან შეხვედრის დროს პიოტრ იანს ზედმეტი თავდაჯერებულობა ეტყობოდა და ხშირად მერაბ დვალიშვილს სიტყვასაც აწყვეტინებდა. თუმცა, მოგვიანებით ერთ-ერთი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რუსმა ჩემპიონმა გაცილებით თავშეკავებულად ისაუბრა.
პიოტრ იანი
მერაბ დვალიშვილთან ბრძოლაში საკუთარ თავს ფავორიტად არ მივიჩნევ - ძლიერი მეტოქე მყავს და შემთხვევით არ მომხდარა, რომ მან ლამის მთელი დივიზიონი გაწმინდა. საჭიროა სერიოზული განწყობა, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჩხუბია. მზადებამ გეგმის მიხედვით ჩაიარა, მაგრამ მისთვის სიახლის შეთავაზება გამიჭირდება. არ დაგავიწყდეთ, გალიაში 50 წუთი გვაქვს გატარებული და ერთმანეთს მშვენივრად ვიცნობთ. დაეწყება თუ არა დვალიშვილს მარცხის შემთხვევაში კარიერული დაღმასვლა? ამაზე არ ვფიქრობ, თუმცა ყველაფერი ხდება.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს კარიერის განმავლობაში ჩატარებული 26 ბრძოლიდან 21 მოგება და 5 მარცხი აქვს. ქართველი „მანქანა“ სხვადასხვა დროს დარენ მიმასთან, რიკი ბანდეიასთან, ფრენკი საენსისთან, რიკი სიმონთან და პიოტრ იანთან დამარცხდა. რაც შეეხება პიოტრ იანს, 33 წლის რუსმა 25 ბრძოლიდან 20 მოიგო და 5-ჯერ წააგო. მისი ძლევა მაგომედ მაგომედოვმა, ალჯამეინ სტერლინგმა (ორჯერ), შონ ომალიმ და მერაბ დვალიშვილმა შეძლეს.