ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ის წარმოუდგენლად მაგარი მებრძოლია“ - გეიჯიმ თოფურიაზე ისაუბრა

მსუბუქ წონაში UFC-ის მოქმედი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი, ილია თოფურიას მიმართ პირად მტრობას არ განიცდის და ოქტაგონზე მის წარმატებულ დაბრუნებას ელის.

„საბრძოლო კვირის განმავლობაში მისი თავდაჯერებულობა ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მასთან ერთად იბერებოდა მისი ეგოც - იქამდეც კი მივიდა, რომ ბრძოლის წინა ღამეს საკუთარი გამარჯვების აღსანიშნავი წვეულება მოაწყო. იყო ბევრი მომენტი, როცა უბრალოდ ინტერვიუს ვაძლევდით და მე მას ვეუბნებოდი: „მისმინე, ამას არასწორად აკეთებ. ეს შეიძლება შენს საწინააღმდეგოდ შემოტრიალდეს“. და ეს სასაცილო იყო. ყველაფერი ისე მუშაობდა, როგორც საჭირო იყო: ყოველ ჯერზე, როცა მის ყურადღებას მსგავს რამეზე ვამახვილებდი, ის ამის კეთებას კიდევ უფრო აქტიურად იწყებდა.

ახლა, როცა ამაზე ვსაუბრობ, ისე ჟღერს, თითქოს მას ვაკრიტიკებ, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, ის კვლავ წარმოუდგენლად მაგარია და ვინც შემდეგი იჩხუბებს მასთან, ძალიან გაუჭირდება. თუ ის დაივიწყებს, რამდენად საშიშია ეს სპორტი და რომ აქ ყოველთვის არის იღბლისა და შემთხვევითობის ელემენტი, მაშინ შეიძლება შეცდომების დაშვება დაიწყოს, არ იყოს საუკეთესო ფორმაში ან არ იყოს ისეთი კონცენტრირებული, როგორიც უნდა იყოს. მაგრამ თუ ამ მენტალურ შეცდომებს გამოვრიცხავთ, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ამაში ეჭვი არავის ეპარება.

რაც არ უნდა ვთქვა, არასდროს ვცდილობ ამ ბიჭს ტალახი ვესროლო, რადგან ის წარმოუდგენლად მაგარია. მინდა მისი დაბრუნება ვნახო. მინდა ვნახო, როგორ აღწევს კვლავ წარმატებას. მინდა ვნახო, როგორ მიიწევს წინ“,

- განაცხადა ამერიკელმა პოდკასტ Double Coverage-ის მორიგ ეპიზოდში.

მოსალოდნელია, რომ რემატჩი შედგება და თოფურიას მომდევნო მეტოქე სწორედ გეიჯი იქნება. ამ ბრძოლის ნახვის ინტერესი ნელ ნელა პიკს აღწევს. „ელ მატადორის“ დაბრუნების შემდეგ, ქომაგები მხოლოდ ამაზე ფიქრობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები