ქართველი მებრძოლების 8 მედალი - თბილისური მსოფლიოს ჩემპიონატის შეჯამება
Aa
Aa

ქართველი მებრძოლების 8 მედალი - თბილისური მსოფლიოს ჩემპიონატის შეჯამება

1 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო - ასეთი შედეგით დაასრულა საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებმა თბილისში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი. ტურნირი ოლიმპიურ სასახლეში 2-დან 7 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და ჩვენი ქვეყნის სახელით ოქტაგონზე 37 მებრძოლი გავიდა. საუკეთესო შედეგი ნიკა ბერიძემ აჩვენა, რომელიც ახალგაზრდებს შორის 88,4 კილოგრამ წონით კატეგორიაში პლანეტის პირველობის გამარჯვებული გახდა. ბერიძემ გადამწყვეტ შეხვედრამდე რუსი მოწინააღმდეგეები, საიდ გასანოვი და სემინ ანინიანი, ასევე უკრაინელი დენის კოზორა დაამარცხა, ფინალში კი უზბეკ დონიორ კუვანდიკოვს საბმიშენით მოუგო. ნიკას ფინალურ ორთაბრძოლას UFC-ის ორი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ესწრებოდა და ბერიძე ოქროს მედლით პირადად დააჯილდოვა.

ნიკა ბერიძის მსგავსად, ფინალში გავიდა მისი ძმა გივი ბერიძე (70,3 კგ), რომელმაც ესპანელი იან გაელ გომეს გარსიას, უკრაინელი ოლეჰ პლაზოვსკის, პოლონელი დავიარ მარზეცისა და ფრანგი ბამბო სიმას ბარიერი დაძლია, ხოლო ოქროს მედლისთვის ბრძოლა რუსეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ ჯანჯულიასთან დათმო. ჩემპიონობასთან ახლოს კიდევ სამი ქართველი მებრძოლი იყო, თუმცა სამწუხაროდ გადამწყვეტ დაპირისპირებაში სამივემ რუს მეტოქესთან წააგო. იოანე ბიქოშვილმა (79,4 კგ) ჩეხი მიხალ ვავრუშეკი, მონტენეგროელი ჩანიო რაიკოვიჩი და ლიეტუველი კაროლინ დიუგევაცი დაამარცხა, ფინალი კი რახიმ ბიბულატოვთან დათმო. ფინალამდე ორი ბრძოლა მოიგო საბა სულამანიძემ (97 კგ), რომელმაც უზბეკ სამანდარბეკ ერგაშევს და ავსტრიელ დავიდ ზარგარიანს აჯობა, ხოლო გადამწყვეტი შეხვედრა გაჯიმურად ტაგიროვთან წააგო.

უფროსი ასაკის მებრძოლებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალამდე მხოლოდ ერთი ქართველი მივიდა - ლევან ლაგვილავა მძიმე წონით კატეგორიაში ლიბანელ გაბრიელ ელ ხურიზე ძლიერი აღმოჩნდა, შემდეგ კი შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ოლექსანდრ ხოდაკოვი დაამარცხა. ფინალში ლევანს ომარ გასაინიევმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საპრიზო მესამე ადგილი საქართველოს სამმა წარმომადგენელმა დაიკავა - ტატო აბსანძე (74,8 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი - ახალგაზრდებს შორის, მანანა მუქერიამ (70,3 კგ) და ანა აბრამიშვილმა (61,2 კგ) კი ანალოგიური შედეგი უფროსებში აჩვენეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რვა მებრძოლმა მედალი გაინაღდა - თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს
    რვა მებრძოლმა მედალი გაინაღდა - თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს