ილია თოფურია
Aa
Aa

გეიჯის ხელთათმანები და მომენტი, როცა მისი დაფინიშება შეეძლო | რას ამბობს თოფურია

ილია თოფურიამ ABC-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ ჯასტინ გეიჯისთან გამართული ჩხუბის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსა და მეტოქის ხელთათმანების საკითხზე ილაპარაკა.

შეკითხვა: „მინდა, ჯასტინ გეიჯისთან გამართული ჩხუბის შემდეგ დაწერილ მიმართვაზე გკითხო, რომელშიც სარკეში ჩახედვასა და საკუთარი თავის ვერ ცნობაზე საუბრობდი. როგორი იყო ეს მომენტები?“

„ფიზიკურად განადგურებული ვიყავი. ოთხი ძვალი მქონდა გატეხილი: თვალბუდის ორივე ძვალი, ძგიდე და ფეხი. საშინელება იყო. მეორე დილით გავიღვიძე, სარკეში ჩავიხედე და ვთქვი: „არა, არა, არა, ეს მე არ ვარ“. საკუთარი თავი ვერ ვიცანი და სასაცილო ისაა, რომ ის ნაძირალა ამბობდა, ჩემს სახეზე კვალს დატოვებდა და ეს მართლაც გააკეთა. მეორე დღეს სარკეში ჩავიხედე და ვთქვი: „ჯასტინ, შე ნაძირალა“.

სარკეში საკუთარი თავი ვერ ვიცანი, თუმცა ამავდროულად, მის მიმართ პატივისცემა მქონდა, რადგან ყველაფერი გავიღე და მაქსიმალურად დავიხარჯე. ხომ იცით, როდესაც იგებ, მაშინ გაკრიტიკებენ და წარმოიდგინეთ, რა ხდება, როცა აგებ. ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოდ მეჩვენებოდა. როდესაც ამის შესახებ ვკითხულობდი, ყველაფერზე ბევრს ვიცინოდი. ეს ყველაფერი საკმაოდ საინტერესო და უცნაური იყო. ყველაფერი, რაც მოხდა... ყველას დამშვიდება მომიწია, ჩემი ოჯახის... მეორე დღეს ოთახში ჩემი შვილი შემოვიდა და ვცადე, შემეშინებინა, რადგან ნამდვილად დეფორმირებულ მონსტრს ვგავდი. გამოვედი და უუუუუჰჰჰ (იცინის)“.

შეკითხვა: „MMA არის სპორტი, რომელშიც ფავორიტი ყველაზე ნაკლებადაა ფავორიტი, რადგან ერთ დარტყმას ყველაფრის შეცვლა შეუძლია“.

„ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, რომელშიც შეიძლება, მებრძოლი აღმოჩნდეს. ჩხუბობ, ოთხი გატეხილი ძვალი გაქვს, ვერ ხედავ, ვერ სუნთქავ... ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს? არაფერი... გამოვიარე დღეები, რომლებიც ამ სპორტში ალბათ ყველაზე რთულია და მივედი დასკვნამდე, რომ ყველაფერი გადის. სახეზე ნაკვალევი აღარ მამჩნევია, ხმაური გაქრა, აღდგენის პერიოდი დასრულდა და ის დროც წავიდა, როდესაც სარკეში საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. ჩემი გამარჯვებები წარსულს ჩაბარდა, ჩემი მარცხიც წარსულს ჩაბარდა და ახლა მხოლოდ ის რჩება, რაც წინ გველოდება“.

შეკითხვა: „რაც შეეხება შენს პოსტს, რომელშიც დაწერე, ჯასტინ, შემდეგში ხელთათმანების შეხვევას დავესწრებიო — როგორ ფიქრობ, რამე მართლა ჰქონდა ხელთათმანებში თუ ეს მარკეტინგული ხრიკია, რომ ბრძოლა გაიყიდოს?“.

„არ ვფიქრობ, რომ რეალურად ხელთათმანებში რამე ჰქონდა. ეს არის შეკითხვა, რომელსაც ბოლო ხუთი-ექვსი თვეა საკუთარ თავს ვუსვამ. არ ვიცი... სიამოვნებით ვიტყოდი „დიახ“-ს ან „არა“-ს, მაგრამ ხელების შეხვევის პროცესი არ მინახავს და არც ჩემი გუნდიდან დასწრებია ვინმე. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ან იგებ, ან აგებ... მე კი დავმარცხდი.

ახლა შეგიძლიათ თქვათ, რომ ხელთათმანებში რაღაც ჰქონდა და ეს გამოიყენა, მაგრამ მთავარია, რომ წავაგე. არ მინდა, გეიჯის რამე დავუკარგო და არც თავის გასამართლებელი მიზეზების მოყვანა მინდა. ხელთათმანებში რამე რომც ჰქონოდა, მაინც უნდა დამემარცხებინა — აი, ზუსტად ასე ვხედავ ამ სიტუაციას. ტექნიკურად და ფიზიკურად მასზე ბევრად უკეთესი ვარ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ დამამარცხა“.

შეკითხვა: „არის საუბარი, რომ გეიჯის დანოკაუტების სურვილით შეპყრობილი იყავი...“

„არა, ასე არაა. როდესაც ოქტაგონში შევდივარ, ჩემი მიზანია, გავიმარჯვო და ხუთი რაუნდისთვის ვიყო მზად. პირველ რაუნდში ერთი რაღაცის გაკეთებას ვაპირებდი, მეორე რაუნდში — მეორის, მესამე რაუნდში — მესამის და ა.შ. ყოველთვის ერთსა და იმავეს ვერ გავაკეთებ, რადგან ძლიერი მეტოქეები მყავს და შემისწავლიან. ისეთი რაღაც უნდა გააკეთო, რისი პროგნოზირებაც შეუძლებელია.

მინდოდა, გეიჯი დამეღალა, რადგან ისეთი ტიპია, რომელიც ყოველთვის დარტყმების გაცვლაზე მიდის და ფიზიკური გამძლეობით არ გამოირჩევა. როდესაც ჯასტინი დაიღალა, მე უფრო დაღლილი და გამოფიტული ვიყავი, რადგან სუნთქვა არ შემეძლო. თვალბუდის ძვლების მოტეხილობისას, ორგანიზმი სისხლს მოტეხილობისკენ გზავნის, რათა ის აღადგინოს და ეს შეშუპებას იწვევს. ამან სასუნთქი გზები დამიბლოკა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დარტყმებს სუნთქვაშეკავებული ვახორციელებდი.

დარტყმების განხორციელება პრობლემა არ არის, მაგრამ ცხვირზე რომ მოგიჭირონ და ვერ ისუნთქო, ნებისმიერი დაიღლება. და მეც დავიღალე. როდესაც ჩემი გეგმა შევასრულე, ძალიან ცუდ ვითარებაში ვიყავი. ბევრი ამბობს იმ მომენტზე, როდესაც გეიჯის ღვიძლში მოვარტყი და ლაპარაკობენ, რომ შემეძლო, ჩხუბი იქ დამესრულებინა, რაც სიმართლე არაა. გეიჯიმ გააკეთა, რასაც ჭკვიანი მებრძოლები ღვიძლში მიღებული დარტყმის შემდეგ აკეთებენ. დაბლა ჩავიდა, რათა ძალები აღედგინა და მეტოქეს საშუალება მისცა, ჩაჰყოლოდა. მისი ზურგი იმიტომ ავიღე, რომ სულის მოთქმა, თვალების გაწმენდა და იმის გარკვევა მჭირდებოდა, ოქტაგონში სად ვიყავი.

ეს სპორტი სულ სხვა პერსპექტივიდან გამოვცადე — ორი გატეხილი თვალის ბუდით, გატეხილი ძგიდით, მოტეხილი ტერფით და მაინც, წინსვლის უდიდესი ნებით... განვიცადე ყველაზე უარესი, რაც კი ამ სპორტს შეუძლია მოგიტანოს, ამან კი გაცილებით გამაძლიერა. ვნახე ყველაზე საშინელი რამ, რაც ჩემს პროფესიაში შეიძლება მოხდეს — უარესი, რაც მებრძოლმა შეიძლება გაიაროს“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის ჩხუბი ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდის დაწყებამდე ილიას კუთხემ ორთაბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ახალი მეკარე ლივერპულის რადარზე | რას წერს გრემ ბეილი მამარდაზე
    ახალი მეკარე ლივერპულის რადარზე | რას წერს გრემ ბეილი მამარდაზე