„ისლამი მშიშარა იდიოტია“ - პრატესმა მორალესიც დაახასიათა
UFC-ის თითქმის ყველა დივიზიონში 2027 წელს მოვლენები ძალიან საინტერესოდ უნდა განვითარდეს, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებული დაძაბულობა მსუბუქ და ქვესაშუალო წონაშია. ამ უკანასკნელში იანვარში კარლოს პრატესსა და მაიკლ მორალესს შორის დროებითი ჩემპიონის ვინაობა გამოვლინდება. არადა, გულშემატკივარს დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ მოქმედი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი რამადანამდე კიდევ ერთხელ იბრძოლებდა, თუმცა დაღესტნელმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც იმედგაცრუებული არამხოლოდ UFC-ის აღმასრულებელი დირექტორი დენა უაითი, არამედ პრატესიც დატოვა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ჩვიდმეტი წელია ამ სპორტში ვარ და როდესაც ბოლოს და ბოლოს ოცნების ახდენისა და საჩემპიონო ქამრის მოპოვების შანსი მომეცა, ისლამ მახაჩევი აი ასე მოიქცა. გაცოფებული ვარ და ახლა მთელ ჩემს სიბრაზეს საკუთარ თავზე მორალესი გამოსცდის და ეკვადორელის დამარცხების შემდეგ დაღესტნელამდეც მივაღწევ. ისლამი მშიშარა იდიოტია.
რაც შეეხება მორალესს, თუ არ ვცდები მან UFC-ში რვა ბრძოლა ჩაატარა და ამ რვა ბრძოლაში მხოლოდ ერთი თეიქდაუნი შეასრულა. გარდა ამისა, მისი დარტყმა არც ისე დახვეწილია, უბრალოდ გამუდმებით წინ მიიწევს და მისი წარმატების საიდუმლოც ამაში მდგომარეობს. მორალესს ტექნიკურ მებრძოლად არ მივიჩნევ და ბევრისგან განსხვავებით, სტრაიკინგში ისლამი მასზე ძლიერი მგონია“.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომდევნო ბრძოლა მის კარიერაში ერთ-ერთი უკანასკნელი იქნება. გარდა ამისა, იანვარში ბრძოლაზე უარის მიზეზად არა ტრავმა, არამედ დაასახელა საკუთარი სურვილი გაიგოს, პრატესსა და მორალესს შორის რომელი უფრო იმსახურებს მის წინააღმდეგ ქამარზე ბრძოლას.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს