რვა მებრძოლმა მედალი გაინაღდა - თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს
უკვე მესამე დღეა თბილისის ოლიმპიური სასახლე შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს და სასიხარულოა, რომ ქართველი სპორტსმენები პრესტიჟულ შეჯიბრებაზე ადგილობრივი გულშემატკივრების მხარდაჭერის ფონზე, წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ. დღეს ოქტაგონზე თექვსმეტი ქართველი მებრძოლი გავიდა და რვა მათგანმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, რითაც მინიმუმ ბრინჯაოს პრიზიორობა გაინაღდა.
უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის საქართველოს წარმომადგენლებიდან ნახევარფინალური ეტაპის საგზური მანანა მუქერიამ (70,3 კგ) მექსიკელი ივანა ბენავიდესის, ლევან ლაგვილავამ (+97 კგ) უკრაინელი ოლექსანდრ ხოდაკოვის, ხოლო ანა აბრამიშვილმა (61,2 კგ) ანგოლელი მარია ლიბერალის ძლევით მოიპოვა. მუქერიამ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, აბრამიშვილმა კი ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. რაც შეეხება ლაგვილავას, მან შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონს პირველივე რაუნდში საბმიშენით მოუგო.
დანარჩენი ხუთი ნახევარფინალისტი კი ჩვენს ქვეყანას ახალგაზრდებს შორის ჰყავს - ძმებმა გივი და ნიკა ბერიძეებმა შესაბასამისად 70,3 და 88,4 კილოგრამ წონით კატეგორიებში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით პოლონელ დავიდ მარზეცსა და უკრაინელ დენის კოზორას აჯობეს. იოანე ბიქოშვილმა (79,4 კგ) და საბა სილამანიძემ (97 კგ) ლიეტუველ კაროლის დიუგევიცსა და უზბეკ სამანდარბეკ ერგაშევს საბმიშენით მოუგეს, ხოლო ტატო აბსანძემ (74,8 კგ) ერაყელი შად იბრაჰიმი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ცნობისათვის, შარშანდელი ქართველი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებისთვის წლევანდელი პლანეტის პირველობა დღეს მეოთხედფინალურ ეტაპზე დასრულდა - ლექსო საბანაძე (97 კგ) სერბ ძევად ბალტიჩთან მტკივნეული ილეთით, გიორგი იმერლიშვილი (+97 კგ) კი, ფრანგ პოემა აბადისთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს