ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa
1 კომენტარი

ვოლკი, პიმბლეტი და ცარუკიანი | ილიამ მომავალსა და სავარაუდო მეტოქეებზე ისაუბრა

ილია თოფურიამ ABC-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ საკუთარ მომავალსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ჩხუბისთვის მზად არის.

შეკითხვა: „მოდით, მომავალზე ვისაუბროთ. დენა უაითმა თქვა, რომ 2027 წლის დასაწყისში მზად იქნები. როდის დაბრუნდები?“

„იანვარში 100 პროცენტით მზად ვიქნები, როგორც კი სრული კონტაქტით სპარინგების (მათ შორის კრივში, გრეპლინგსა და პარტერში ბრძოლაში) განახლების ნებართვას მომცემენ. ეს ასევე იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ვიგრძნობ თავს — უნდა ვნახოთ, ჩემს ორგანიზმს რა რეაქცია ექნება. ყოველთვის კარგი რეაქცია ჰქონდა და ეჭვი არ მეპარება, რომ იგივე მოხდება, თუმცა შეგუება დამჭირდება, რადგან ბოლო სპარინგის შემდეგ უკვე უამრავი თვე გავიდა. ამის შემდეგ კი ბრძოლის თარიღიც ჩაინიშნება“.

შეკითხვა: „მოდით, სავარაუდო მეტოქეებზე ვისაუბროთ. ფიქრობ, რომ გეიჯისთან რემატჩს მიიღებ?“

„წარმოდგენა არ მაქვს. ერთადერთი ის ვიცი, რომ ჩემთან ყველას უნდა ჩხუბი, რადგან უდიდეს სარგებელს მიიღებენ, როგორც ფინანსების, ისე ცნობადობის მხრივ. არმან ცარუკიანი რომ მეჩხუბოს, მისთვის უდიდესი ჩხუბი იქნება. იგივე ეხება პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯის. ნებისმიერი ჩხუბი, რომლის მონაწილეც მე ვიქნები, უდიდესი იქნება. მათ იციან, რომ ჩემთან ჩხუბს ცხოვრების შეცვლა შეუძლია, ჩემთვის კი სულერთია, მეტოქე ვინ იქნება“.

შეკითხვა: „არჩევა რომ შეგეძლოს, ვის აირჩევდი?“

„ჯასტინ გეიჯისთან რემატჩს ავირჩევდი. ისტორიაა, რომელიც ასე ვერ დასრულდება, თუმცა ამავდროულად, არ მინდა, ვინმეს რამე დავაძალო. თუ გეიჯი რემატჩზე უარს იტყვის, ღმერთმა დალოცოს, ჩემი გზის გაკვალვას გავაგრძელებ. ის ახლა კარიერის პიკში იმყოფება. მაქს ჰოლოუეისთან ნოკაუტით წააგო, მაგრამ დაბრუნდა და გაიმარჯვა. რატომ არ გგონიათ, რომ მეც შემიძლია იგივე გავაკეთო?“

შეკითხვა: „ჯასტინ გეიჯიმ თქვა, რომ მსუბუქი წონისთვის ფიზიკურად საკმარისად დიდი არ იყავი“.

„ბრძოლას თუ უყურეთ, ვინ უფრო ახლოს იყო მის დასრულებასთან: ის თუ მე? მე ვიყავი ის, ვინც რამდენჯერმე იყო ახლოს ბრძოლის დასრულებასთან, ის, ვინც თითქმის დაანოკაუტა მეტოქე... „პატარა“? რაც უნდა, ის თქვას. დიახ, მან მომიგო, ეს სიმართლეა და არ მინდა ხალხს ეგონოს, თითქოს ვფიქრობ, რომ მასზე უკეთესი ვარ. მან დამამარცხა, მე მას პატივს ვცემ, მაგრამ ეს მანამ, სანამ კიდევ ერთ შანსს არ მივიღებ და საპირისპიროს არ დავუმტკიცებ“.

შეკითხვა: „არის ერთი ბრძოლა, რომლის ნახვაც ყველას სურს — შენი და პიმბლეტის დაპირისპირება“.

„ჩემი და პიმბლეტის ჩხუბი ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლის ღონისძიებაზე რომ გაიმართოს, გეიჯის ჩხუბი თანამთავარი მოვლენა იქნება, ჩვენი დაპირისპირება — მთავარი მოვლენა“.

შეკითხვა: „რა მოხდება, თუ პიმბლეტთან იჩხუბებ?“

„პედი, პედი, პედი... ცოცხლად შევჭამ იმ სოსისივით, რაც არის! იოლი მეტოქეები არ არსებობენ. პედი ანგარიშგასაწევი ტიპია, მაგრამ კარგით, რა — იმხელა თავი აქვს, უბრალოდ დაუმიზნებ და მოხვდება“.

შეკითხვა: „მოდით, სხვა მებრძოლებზე ვისაუბროთ. არმან ცარუკიანმა ბოლო ჩხუბი დამაჯერებლად მოიგო“.

„შესაძლებელია... ის ისეთი მეტოქეა, რომელსაც შეიძლება შევხვდე. თუ ჯასტინი ან პედი არ იქნება, მაშინ ის უნდა იყოს. მას დაპირდნენ, რომ ტიტულზე იბრძოლებს, თუმცა არ მგონია, ეს ძალიან ადარდებდეთ — მასთან დაკავშირებით იმას გააკეთებენ, რაც გაუხარდებათ. სინამდვილეში, არმანი სწორედ ისეთი ტიპაჟია, რომელთანაც UFC-ის შეუძლია ის აკეთოს, რაც მოესურვება. ვხედავ, რომ ის კარგად ასპარეზობს; ბოლო ბრძოლა შთამბეჭდავად მოიგო კარგი იდაყვებით, თუმცა მაურიციო რუფი ჩემი ფავორიტი არასდროს ყოფილა — საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა, როცა ბენუა სან-დენისთან წააგო. არმანმა თავისი საქმე კარგად გააკეთა და კარგი მებრძოლია. სინამდვილეში, ყველა მომწონს: არმანი, პედი, ჯასტინი — ყველას თავისი დამსახურება აქვს... Top-5-სა და Top-10-ში ყველა კარგია“.

შეკითხვა: „პედიმ 52 წამში მოიგო და ამბობს, რომ შეუძლია, პარტერში დაგამარცხოს“.

„ბენუამ უპირატესობა მისცა. როდესაც ვამბობ, რომ ტექნიკური ტიპი არაა და არც ყველაზე სახიფათოა, ამას შეურაცხყოფად იღებს, მაგრამ პედი საშუალო დონის მებრძოლია. პედის რომ უსმინოთ, ამბობს, რომ ყველაფერში მომიგებს. არადა, სადაც მინდა, იქ დავამარცხებ. წაგების შემდეგ ასეთ რაღაცაზე საუბარი რთულია, მაგრამ პიმბლეტი გრეპლინგში ჩემთან ერთ ქულასაც ვერ აიღებს. ჩემს გარდს ვერ გასცდება და ვერაფერს იზამს. პარტერში ჩემზე უკეთესი ნამდვილად არაა. სოსისივით ტანი აქვს და ჰგონია, რომ გაბარიტები უპირატესობას აძლევს, მაგრამ ასე არაა. ის გეიჯის საერთოდ არ ჰგავს. ჯასტინი გამძლე, სასტიკი მებრძოლია და ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც, ჩემი აზრით, ტექნიკურად ცუდად არის შესრულებული, მაგრამ ეფექტურია. პედის კი არაფერი გააჩნია: არც ნოკაუტის დარტყმა აქვს, არც მოულოდნელი თეიქდაუნები და არც საბმიშენები. პიმბლეტი ძალიან პროგნოზირებადია“.

შეკითხვა: „არმანთან ჩხუბი როგორ წარიმართება?“

„არმანს პანიკაში ჩავაგდებ, როგორც ვოლკანოვსკიმ გააკეთა ევლოევთან. ასეთი მებრძოლები იმდენად არიან მიჩვეული მეტოქეების პარტერში გადაყვანასა და დომინირებას, რომ მათ თავდაჯერებულობას სწორედ ეს დომინაცია კვებავს. როდესაც ვერ დომინირებენ, პანიკაში ვარდებიან. გარდა ამისა, მათ ისეთი სტილი აქვთ, რომელსაც კარგი პარტერი ზურგს არ უმაგრებს. არმანი მხოლოდ თეიქდაუნებსა და პოზიციური კონტროლის მოპოვების მცდელობაშია ძლიერი, მაგრამ როცა თეიქდაუნებს უბლოკავ, იბნევა და არ იცის, რა ქნას“.

შეკითხვა: „ვოლკანოვსკიმ, შენმა ყოფილმა მეტოქემ, თქვა, რომ რემატჩისთვის მზადაა, თუმცა ხვდება, რომ ეს ალბათ ვერასდროს მოხდება. უფრო მალე მის „იუთუბ“ არხზე გნახავთ თუ მის წინააღმდეგ?“

„ვოლკანოვსკის მიმართ იმხელა სიყვარული და პატივისცემა მაქვს, რომ ვერ ვურტყამდი. ძალიან მომწონს და არის რაღაცები, რასაც ვერ გავაკეთებ. რისთვის გავაკეთო? ეს ძალიან კონკურენტული ბრძოლა იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ერთხელ უკვე დავამარცხე, ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო და ყველაზე დომინანტი ქვემსუბუქი წონის მებრძოლია. მე ჩემპიონი ვიყავი და გავაკეთე ისეთი რაღაცები, რაც სხვა არავის გაუკეთებია, თუმცა ეს დივიზიონი დავტოვე. მან ამ წონაში გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე მე — ეს უამრავი წლის განმავლობაში გრძელდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ილიამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა და გულშემატკივრებს სთხოვა, გეიჯისა და პიმბლეტს შორის მისი მომდევნო მეტოქე აერჩიათ. ქომაგებმა უპირატესობა გეიჯის მიანიჭეს.

კომენტარები 1

  1. დაცით

    უეჭველი გეიჯი უნდა გაანადგურო ბრატ

    პასუხიშეტყობინება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალისონს სეზონის ბოლოს გაუშვებენ | რა გეგმები აქვს ლივერპულს
ალისონს სეზონის ბოლოს გაუშვებენ | რა გეგმები აქვს ლივერპულს