„არსად არ გარბის და არავისი ეშინია“ - პორიემ მახაჩევზე ისაუბრა
UFC-ის ქვესაშუალო წონაში, იანვარში ჩანიშნულმა დროებითი ქამრისთვის ბრძოლამ დიდი აურზაური გამოიწვია. ისლამ მახაჩევის მიერ აღებული პაუზის გამო, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა ჩათვალა, რომ დაღესტნელის გადაწყვეტილებით დივიზიონი ფერხდებოდა, რის გამოც გადაწყვიტა კარლოს პრატესი-მაიკლ მორალესის ჩხუბი გაემართა. ბევრი თვლის, რომ მახაჩევს მარცხის ეშინია, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება მსუბუქ წონაში მისი ყოფილი მოწინააღმდეგე დასტინ პორიე, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ვხედავ და ვკითხულობ სოციალურ ქსელებში როგორ წერენ, თითქოს ისლამ მახაჩევს ეშინია და გაქცევას აპირებს. სინამდვილეში დარწმუნებული ვარ, რომ მას საერთოდ არავისი ეშინია და გალიაში ნებისმიერს შეებრძოლება, რაც მსუბუქ წონაშიც დაამტკიცა, სადაც პრაქტიკულად მთელი დივიზიონი გაწმინდა. თუ მოინდომებს, კიდევ დიდხანს შეუძლია იბრძოლოს, თუმცა ეს ყველაფერი მის სპორტულ ფორმაზე იქნება დამოკიდებული, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ უდიდეს ყურადღებას აქცევს“.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში საჩემპიონო ტიტული რიგით მესამედ სწორედ დასტინ პორიესთან დაიცვა, რომელიც ძალიან სანახაობრივი ბრძოლის მეხუთე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა. ამას მოჰყვა რენატო მოიკანოსთან იგივე სტილში მოპოვებული გამარჯვება, ქვესაშუალო დივიზიონში გადასვლა და ჯერ ჯეკ დელა მადალენას, ხოლო შემდეგ იან მაჩადო გარის მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ძლევა.
 
 
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს