ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„პირველი რაუნდის შემდეგ სახის სამი ძვალი მქონდა გატეხილი“ | ილია თოფურიას ინტერვიუ

ილია თოფურიამ ABC-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, მთავარი სალაპარაკო საკითხი ჯასტინ გეიჯისთან გამართული ორთაბრძოლა იყო და „ელ მატადორმა“ თითოეული რაუნდი აღწერა.

შეკითხვა: „კარგი მოსამზადებელი ეტაპი გქონდა და მშვენიერ გარემოში იყავი. ბევრი ადამიანი დამეთანხმება, რომ ილია იმ საღამოს უცნაურად გამოიყურებოდა. რა მოხდა?“

„მკაცრი საბრძოლო გეგმა გვქონდა და ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მთელი ცხოვრება ამ სპორტს მივუძღვენი. უამრავი სპარინგი ჩამიტარებია და არის რაღაცები, რასაც გათვლი და არის რაღაცები, რასაც ვერ გათვლი. ალბათ გინახავთ მებრძოლები, რომლებსაც უმძიმესი დარტყმები მიუღიათ და ჩხუბის შემდეგ სახლში ისე წასულან, რომ არაფერი ჰქონიათ მოტეხილი. მეორე რაუნდის შემდეგ სახის სამი ძვალი მქონდა გატეხილი. ეს როგორ უნდა გათვალო? ჩვენი საქმე დარტყმების განხორციელებაა. უამრავჯერ დამირტყამს, თუმცა ჩემს მეტოქეებს თვალბუდის ორივე ძვალი და ცხვირი არასდროს გაუტეხავთ. სწორედ ეს დამემართა. პირველივე რაუნდიდან ძალიან უცნაური იყო.

ჩხუბის შემდეგ ბევრ ექიმს გავესაუბრე და ყველამ ერთი და იგივე მითხრა: როდესაც თვალბუდის ძვალი გიტყდება, მხედველობა 70 პროცენტით გიქვეითდება. ამას დაუმატეთ გატეხილი ცხვირი... ჩემი ორგანიზმი ჟანგბადს ვერ იღებდა და ჩემი თვალები სისხლით იყო სავსე, ვერაფერს ვხედავდი. დარტყმებს მხოლოდ მაშინ ვხედავდი, როდესაც ისინი მხვდებოდა. ხალხი კითხულობდა, თავს რატომ ვერ ვამოძრავებდი. ამას მაშინ ვაკეთებ, როდესაც ვხედავ, დარტყმა საიდან მოდის. უბრალოდ ისე, ყოველი შემთხვევისთვის რომ გავაკეთო, შეიძლება მუხლი ან ფეხი მომხვდეს. არაფერს ვაკეთებ გაუაზრებლად; ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, სრულიად გააზრებულია.

ძვლების მოტეხილობამ მხოლოდ დაცვითი უნარები კი არა, შეტევაც დააზიანა. როდესაც ვუტევ, ყოველთვის ვუყურებ, ვუმიზნებ და ზუსტ დარტყმას ვუშვებ. ჩემი დამიზნების უნარი დაირღვა, ეს კი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა. შესანიშნავი თაიმინგი და იდეალური მიზანი მაქვს, მაგრამ ჩემი ძლიერი მხარეების გამოყენება ვერ შევძელი, რადგან „ტრანსპორტი“ დაზიანებული იყო. ეს ფორმულა 1-ის ბოლიდს ჰგავს: მოსახვევში ტრასიდან გადადიხარ, მანქანას ცეცხლი ეკიდება, შენ კი რბოლა მაინც უნდა გააგრძელო. ჰოდა, ჩემი მანქანა პირველივე რაუნდში, პირველსავე წრეზე გაფუჭდა და ალმოდებული ბოლიდით რბოლის გაგრძელება მომიწია. წარმოდგენა არ მქონდა, ჩემი მანქანა როდის აფეთქდებოდა“.

შეკითხვა: „მიუხედავად ამისა, მეორე რაუნდში ჯასტინს რამდენჯერმე ძლიერად მოარტყი“.

„დიახ, მაგრამ დაღლილი ვიყავი. ვერ ვსუნთქავდი, ვერ ვხედავდი და ყველაფერი დამაბნეველი იყო. როდესაც ჩხუბობ, ერთ ფიქრზე ხარ კონცენტრირებული და საბრძოლო გეგმა გაქვს, რომელსაც მიყვები. 30 000 რაღაცაზე ფიქრი ჩხუბის დროს არ შეიძლება. იმ მომენტში, ქვეცნობიერად, ჩემი ტვინი იმაზე ფიქრობდა, რომ თვალიდან რაღაც ამომეღო და ცხვირი მომეწმინდა, თუმცა სინამდვილეში ცხვირი გატეხილი მქონდა. როდესაც მეორე რაუნდი დასრულდა, კუთხეში მითხრეს, რომ ცხვირი არ მომეწმინდა — ეს კი იმის ნიშანია, რომ ცხვირი გატეხილი გაქვს. ჩვეულებრივ, როცა შენს კუთხეში ბრუნდები, გეუბნებიან, რომ ისუნთქო, გულისცემა დაიმშვიდო და შემდეგ გირჩევენ, რა გააკეთო. მე კი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ვიყავი და ჩემს კუთხეში მსგავსი არაფერი ხდებოდა.

ჩემს კუთხეში ყველა შეშფოთებული იყო, რადგან ხედავდნენ, რომ დაზიანებული ვიყავი. საუბარი არაა ისეთ დაზიანებაზე, რომელიც დარტყმას მოჰყვება — მე ვერ ვხედავდი. როდესაც ექიმი შემოვიდა და თქვა, რომ ბრძოლას აჩერებდა, ვუთხარი, ეს არ ექნა, ჩემი თვალი გაესუფთავებინა, სისხლი ამოეღო და რაღაც გაეკეთებინა, რათა ჩხუბი გამეგრძელებინა, რადგან ფიზიკურად კარგად ვიყავი. გაჩერება არ მინდოდა. ეს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ბრძოლა იყო. ექიმს რომ ეთქვა, მხედველობას არ დავკარგავდი, ეს საკმარისი იქნებოდა, რომ ჩხუბი გამეგრძელებინა“.

შეკითხვა: „მესამე და მეოთხე რაუნდებში დარტყმების გაშვება გააგრძელე“.

„კი, და აბსოლუტურად ვერაფერს ვხედავდი. მეოთხე რაუნდისთვის საერთოდ ვერაფერს ვხედავდი“.

შეკითხვა: „რა მოხდებოდა, შენს ძმას ჩხუბი რომ არ გაეჩერებინა?“

„ჩემს ძმას ბრძოლა რომ არ შეეჩერებინა, სხვა გზა არ მექნებოდა — ავდგებოდი და გაგრძელებას შევეცდებოდი, თუმცა ახლა, როცა უკან ვიყურები, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი მას შეეძლო მიეღო. მოგვიანებით, ექიმებმა მითხრეს, რომ თვალბუდის მოტეხილობის შემდეგ, შიგნით ცხიმოვანი ქსოვილი ჩავიდა და კიდევ 0.5 მილიმეტრით შორს რომ ჩასულიყო, ტიტანის ფირფიტის ჩასმა გახდებოდა საჭირო და ბრძოლას ვეღარასდროს შევძლებდი. ეს კი მეხუთე რაუნდში ძალიან ადვილად შეიძლებოდა მომხდარიყო. სინამდვილეში, მეოთხე რაუნდში იყო მომენტი, როდესაც მეტოქემ მუხლი ტანში მომარტყა და ერთადერთი, რაც მინდოდა, ის იყო, რომ სახეში არ მოერტყა. თვალები მეწვოდა, თითქოს ვინმემ ბოთლი გატეხა და შუშის ნამსხვრევები მესროლა — ძალიან უცნაური შეგრძნება იყო“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის ჩხუბი ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდის დაწყებამდე ილიას კუთხემ ორთაბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ახალი მეკარე ლივერპულის რადარზე | რას წერს გრემ ბეილი მამარდაზე
    ახალი მეკარე ლივერპულის რადარზე | რას წერს გრემ ბეილი მამარდაზე