ადესანია: ჩემი ცხოვრების საუკეთესო საწვრთნელ შეკრებას გავდივარ
UFC-ის საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისრაელ ადესანიამ, რომელიც ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ ოქტაგონზე დაბრუნებისთვის ემზადება, ისაუბრა, თუ როგორ შეიცვალა მისი საწვრთნელი პროცესი ახალზელანდიური დარბაზიდან „City Kickboxing“ წასვლის შემდეგ, სადაც ის 2009 წლიდან იუჯინ ბერმანის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა.
„საწვრთნელი შეკრება შთამბეჭდავად მიმდინარეობს. ალბათ ეს კლიშესავით ჟღერს, რადგან ყველა ამბობს: „ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო საწვრთნელი შეკრებააო“. მაგრამ მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ CKB-დან წასვლის, საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებისა და ექსკლუზიურად ჩემზე ორიენტირებულ ვარჯიშებზე გადასვლის შემდეგ, თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ოდესმე.
ეს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სასიამოვნო საწვრთნელი შეკრებაა და ეს აუცილებლად აისახება ბრძოლის დღეს. უკვე რამდენიმე კვირაა იმ ფორმაში ვარ, რომლითაც ჩვეულებრივ უშუალოდ ორთაბრძოლის კვირას ვუახლოვდები ხოლმე“,
- განაცხადა ადესანიამ თავის ვიდეობლოგში.
ამასთან, ნიგერიელმა მებრძოლმა აღიარა, რომ შეეძლო უკეთესად აეგო ურთიერთობები ყოფილ თანაგუნდელებთან, თუმცა მიანიშნა, რომ წარმოქმნილ უთანხმოებებზე, რამაც მის წასვლამდე მიიყვანა საქმე, პასუხისმგებლობა მხოლოდ მას არ ეკისრება.
„შეიძლებოდა უკეთესი თანაგუნდელი ვყოფილიყავი, უფრო მტკიცე ურთიერთობები ამეგო ზოგიერთ ადამიანთან, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვვარჯიშობდი. მიუხედავად იმისა, რომ სხვებისთვის ისედაც ბევრს ვაკეთებდი, ყოველთვის შესაძლებელია მეტის გაკეთება.
ახლა შემიძლია საკუთარი თავი კრიტიკულად შევაფასო, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვი სხვა ადამიანებზე. არ ვიცი, შეუძლიათ თუ არა მათ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედონ და აღიარონ: „დიახ, მე, როგორც მწვრთნელი, ჩავფლავდი“. ჩაიხედეთ სარკეში, გააცნობიერეთ თქვენი შეცდომები და გახდით უკეთესები. მე ვიცი, ვინც ვარ და არასდროს არავის მივცემ უფლებას თქვას, რომ საკუთარ თავზე მეტისმეტად დიდი წარმოდგენა მაქვს“,
- დასძინა ყოფილმა ჩემპიონმა.
ისრაელ ადესანიას 2023 წლის აპრილის შემდეგ არ გაუმარჯვია, როდესაც ალექს პერეირა ნოკაუტში გაგზავნა და UFC-ის საშუალო წონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა, რის შემდეგაც მიმდევრობით დათმო ორთაბრძოლები შონ სტრიკლენდთან, დრიკუს დიუ პლესისთან, ნასურდინ იმავოვთან და ჯო პაიფერთან.
37 წლის მებრძოლის მომდევნო მეტოქე რუსი შარაბუტდინ მაგომედოვი იქნება, რომელთან ერთადაც ის 5 დეკემბერს საუდის არაბეთში გასამართ UFC-ის ტურნირს უხელმძღვანელებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს