„ქვეყანა ასე უფრო დაიყოფა, უნდა ვიმოქმედოთ“ - სანიოლი პოლიტიკაში აქტიურობას გეგმავს
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პოზიციას აფიქსირებს და ამ მიმართულებით აქტიურობას გეგმავს.
2027 წლის საპრეზიდენტო კამპანია უკვე დაიწყო, სპორტსმენებს კი ხშირად ძალიან უჭირთ პოლიტიკურ დებატებში კონკრეტულად ჩართვა. ვილი სანიოლმა პოზიციის დაფიქსირება გადაწყვიტა.
პოდკასტში „Passage à l’Acte“ სტუმრობისას ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს დავიდ ლისნარს - კანის მერსა და მოძრაობა „Nouvelle Energie“-ს (ახალი ენერგია) კანდიდატს. ვილიმ, რომელიც „სენტ-ეტიენში“ აღიზარდა, შემდეგ კი „ბაიერნში“ გადავიდა, სადაც ყველაფერი მოიგო, გადაწყვიტა განემარტა თავისი არჩევანი იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომელთანაც თავს ახლოს გრძნობს და რომელსაც ბოლო თვეებში საჯარო გამოსვლებისას უკვე დაუჭირა მხარი.
„აღარ მინდა ვიყო ის, ვინც ყოველ დილით წუწუნებდა და იძახდა: „ქვეყანა არ მუშაობს, ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის, ქვეყანაში ესაა, ისაა, სრული ქაოსიაო“. ეს იმიტომ, რომ თუ უკიდურესობებს (მემარცხენე და მემარჯვენე რადიკალები) შორის ვიქნებით გახლეჩილები, ქვეყანა კიდევ უფრო მკვეთრად დაიყოფა. დავიდში ის მომწონს, რომ ის დიდ შრომასა და თავდადებას დებს იმაში, რასაც აკეთებს. მას მკაფიო ხაზი აქვს და იცის, რომ ეს რთულია.
ხშირად გამარჯვება ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოს შედეგია. გამარჯვება დიდი 'გ'-თი ხშირად ხანგრძლივი პროცესის საბოლოო ეტაპია. სწორედ ასე შეგვიძლია მივაღწიოთ მიზანს“,
- განაცხადა ვილი სანიოლმა.
ბოლო გამოკითხვების მიხედვით, დავიდ ლისნარი ამომრჩეველთა ხმების საშუალოდ 7%-ს აგროვებს, რამაც შესაძლოა ის ამ არჩევნებში მე-5 პოლიტიკურ ძალად აქციოს, თუმცა მომავალ გაზაფხულამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს