ჩაკვეტაძეს მომენტი ჰქონდა | უდინეზემ ვენეციასთან წააგო და ბოლო ადგილზეა
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე“ სტუმრად „ვენეციას“ შეხვდა. „პატარა ზებრების“ ახალ მთავარ მწვრთნელს, პაოლო ძანეტის ცუდი სტარტი გამოუვიდა და მისი გუნდი 1:2 დამარცხდა.
ჩაკვეტაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა. ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანა შეეძლო. 76-ე წუთზე, მეკარე წინ იყო გამოსული და მცველების შეცდომის შემდეგ ბურთი გიორგის მიუვიდა. „ჩაკვემ“ დაარტყა, მაგრამ „ვენეციას“ გოლკიპერი, ფილიპ სტანკოვიჩი ბურთს ადგილზე დახვდა.
ჩაკვეტაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 19 შეხება, 13-დან 12 ზუსტი გადაცემა, 1 დარტყმა, 1 დაბრუნებული ბურთი, 3 დაკარგვა. Sofascore-მა მისი თამაში 6.4 ქულით შეაფასა.
ცნობისთვის, „უდინეზეს“ 5 ქულა აქვს და „ვენეციასთან“ მარცხის შემდეგ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე გადავიდა. „ფრიულანის“ 9-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ბოლოს სერია A-ში 29 აგვისტოს გაიმარჯვა, როდესაც სტუმრად „მონცა“ 3:2 დაამარცხა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს