„გუნდში ამაზე ვისაუბრეთ“ - ისლამმა ზედა დივიზიონი არ გამორიცხა
ისლამ მახაჩევი როდის რას აპირებს და როდის როგორ მოიქცევა, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონის დაღესტნელი ჩემპიონი უახლოესი მეგობრისა და მწვრთნელის, ხაბიბ ნურმაგომედოვის გარეშე გადაწყვეტილებას პრაქტიკულად არ იღებს, რაზეც მის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებული კომენტარიც მეტყველებს, როდესაც ისლამმა განაცხადა, რომ თუ ნურმაგომედოვი ურჩევს, დღესვე დაასრულებს კარიერას. თუმცა, როგორც ჩანს ჯერ ფინიში შორს არის და მახაჩევი გეგმავს გააკეთოს ის, რაც UFC-ის ისტორიაში დღემდე არავის გაუკეთებია.
ისლამ მახაჩევი
რამდენად რეალურია საშუალო წონაში ძალების მოსინჯვა? საამისოდ ტაშკენტში 1 თვე უნდა დავრჩე და ყოველდღე უზბეკური ფლავი ვჭამო. ძალიან რთული იქნება და ამის თაობაზე ჩვენს გუნდში იყო საუბრები. ალბათ ამას მომავალშიც განვიხილავთ, თუმცა ახლავე გეუბნებით, რომ ეს ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება ჩემს კარიერაში. მერწმუნეთ, კუნთოვანი მასის უცბად მომატება იოლი არ არის.
ცნობისათვის, ისლამ მახაჩევი UFC-ის ერთი ყველა დროის რეკორდის ავტორი უკვე არის და ყველაზე გრძელი, 17-ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს. ახლა თუ საშუალო წონაში ავა და მესამე დივიზიონის ჩემპიონიც გახდება, ის იქნება ორგანიზაციაში პირველი მებრძოლი, რომელიც ამას გააკეთებს. ორი წონის ჩემპიონი კი UFC-ის ისტორიაში ისლამის გარდა, კიდევ ათი მებრძოლი, ბი ჯეი პენი, რენდი კუტური, კონორ მაკგრეგორი, ჟორჟ სენ პიერი, დენიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი, ჰენრი სეხუდო, ჯონ ჯონსი, ალექს პერეირა და ილია თოფურია ყოფილა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამჟამად საშუალო დივიზიონის ჩემპიონი შონ სტრიკლენდია, რომელმაც ქამარი მაისში, ხამზატ ჩიმაევის მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხების შედეგად მოიპოვა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს