„მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილა“ - ვოლკანოვსკი ილიას გამოეხმაურა
ილია თოფურიას ხმაურიანმა დაბრუნებამ, რომელსაც ბრალდების ელფერი ჰქონდა, UFC 331-ის საბრძოლო კვირა და მისი მონაწილეები მთლიანად გადაფარა. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ დასაბრუნებლად ემზადება და მომავალში ჯასტინ გეიჯის ხელთათმანებს ბრძოლის დაწყებამდე პირადად შეამოწმებს. ბევრი მიიჩნევს, რომ ილიას ეს სიტყვები გამიზნული იყო იმისათვის, რომ UFC-ის ხელმძღვანელებმა გეიჯისთან რემატჩი ჩაუნიშნონ და არმან ცარუკიანისა და მაურისიო რუფის ბრძოლის საბოლოო შედეგს გარკვეულწილად აზრი დაეკარგოს. დაახლოებით ასეთივე მოსაზრება აქვს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს ალექსანდრ ვოლკანოვსკის, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ყველამ კარგად იცის და მათ შორის ილია თოფურიამაც რომ მისი მარცხის მიზეზი ხელთათმანებში არ მდგომარეობს. უბრალოდ იცით რა მოხდა? ჯასტინ გეიჯიმ იდეალური ბრძოლა ჩაატარა, ილიამ კი ბევრი შეცდომა დაუშვა, რასაც კარგად თუ გაანალიზებს, მომდევნო დაპირისპირებაში სულ სხვა თოფურიას ვიხილავთ. მისი ბრალდებები რეალურად იმისათვის იყო გამიზნული, რომ რემატჩი ჩაინიშნოს, თორემ ილია ზედმეტად ჭკვიანია საიმისოდ, რომ მარცხს გეიჯის ხელთათმანებს აბრალებდეს“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ პირველად UFC-ის ჩემპიონის ტიტული სწორედ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა, როდესაც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის შეხვედრაში ავსტრალიელი ლეგენდა ნოკაუტში გაგზავნა. ილიას მსუბუქ წონაში ასვლის შემდეგ ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქში ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა, ახლაც მისი დომინაცია მიდის და ქამრის მორიგ დაცვას 24 ოქტომბერს, მოვსარ ევლოევთან ბრძოლაში შეეცდება.