მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ვეცდები სახე გაგიტეხო“ - მერაბისა და იანის პრესკონფერენცია

დღეს დილით, UFC 333-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ტრილოგიის პირველი საჯარო პრესკონფერენცია გაიმართა. პიოტრ იანი და მერაბ დვალიშვილი პრესის კითხვებს პასუხობდნენ.

ლოს-ანჯელესში გამართულ ღონისძიებაზე, იანმა დვალიშვილს უთხრა, რომ ცხვირისთვის სამედიცინო დაზღვევა გაეკეთებინა. დვალიშვილმა მოგვიანებით უპასუხა, რომ 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, Etihad Arena-ზე შეხვედრისას შეეცდება იანს სახე გაუტეხოს.

იანმა თავდაპირველად განაცხადა, რომ პრეტენდენტი ნაცნობ ტაქტიკას გამოიყენებდა, თუმცა მან სანახაობრივი მესამე ბრძოლაც იწინასწარმეტყველა.

„ყველაფერი, რასაც შეგვიძლია ველოდოთ, ჩემო მეგობარო, მისი ოინებია. იცით, შორტებზე მოქაჩვა ან მეტოქის ზურგზე კოცნა, ზუსტად ისე, როგორც შონ ომალის აკოცა. ყველა ეს უცნაური რამ. მაგრამ რასაც ჩვენ ველოდებით, ეს არის ცეცხლოვანი, საინტერესო ბრძოლა. ეს რთული ბრძოლა იქნება და გულშემატკივრებისთვის სახალისო სანახავი გამოდგება.“

შემდეგ ჩემპიონმა წინა ორივე შეხვედრა გაიხსენა. იანმა აღნიშნა, რომ დვალიშვილმა პირველ ბრძოლაში მისი დაფინიშება ვერ შეძლო, მეორე ბრძოლაში თავისი გამოსვლა ბევრად უკეთესად შეაფასა და განაცხადა, რომ მოელის, ტრილოგია სწორედ ამ მატჩ-რევანშს დაემსგავსება.

„დარწმუნდი, რომ დაზღვევა გაქვს, ძმაო. სამედიცინო დაზღვევა შენი ცხვირისთვის. შენ თავად უნდა იყო პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობასა და შენს საქმეებზე. რამე რომ არასწორად წავიდეს, დენა უაითს ნუ დააბრალებ.“

მერაბმა ღიად აღიარა მათ ბოლო შეხვედრაში მარცხი. მან თქვა, რომ მატჩ-რევანშში ზედმეტად მოდუნებული იყო, აღნიშნა, რომ იანმა მას თავმდაბლობა ასწავლა და ჩემპიონი დივიზიონში ყველაზე საშიშ მეტოქედ დაახასიათა.

„ახლა ყველას შეგვიძლია ლაპარაკი, მაგრამ წინ ბრძოლა გველის. გასულ ჯერზე მან მომიგო. დიახ, მაგრად მცემა. მან თავმდაბლობა მასწავლა. ვფიქრობ, ბოლო ბრძოლაში ზედმეტად მოდუნებული ვიყავი, ახლა კი, მესამე ბრძოლაში, ყველა გავიგებთ, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი. ძალიან ბევრს და ჭკვიანურად ვვარჯიშობ. ვფიქრობ, გავიმარჯვებ და ახალი ჩემპიონი გვეყოლება. მაგრამ, რა თქმა უნდა, წინ დიდი გამოწვევა მაქვს.

ის ჩემპიონია. მან გასულ ჯერზე მომიგო. ის ამჟამად ყველაზე საშიში ბიჭია ჩემს წონით კატეგორიაში. 24 ოქტომბერს, ვეცდები სახე გაგიტეხო.“

- უპასუხა დვალიშვილმა იანს.

ცოტა ხნის შემდეგ, X-ზე მერაბის ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობს, რომ იანს თავმდაბლობას ასწავლის.

„ის ისევ გაყოყოჩდა, ჩემი დაჩაგვრა სცადა. მე მას თავმდაბლობას ვასწავლი, ისევე, როგორც ეს პირველად გავაკეთე.“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის დაპირისპირებას აბუ-დაბიში, 24 ოქტომბერს ვიხილავთ. რუსი მებრძოლი, ბუკმეკერების აზრით, ფავორიტია და მას მცირე უპირატესობა აქვს. იანისა და დვალიშვილის ჩხუბი UFC 333-ის თანამთავარი მოვლენა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები