ილია თოფურია
Aa
Aa

„უკეთეს და უფრო სრულყოფილ ილიას იხილავთ“ | თოფურიას ფიზმომზადების მწვრთნელი

ალვარო კოლმენერომ ილია თოფურიას ფიზმომზადების მწვრთნელთან, ხესუს გალიოსთან ინტერვიუ ჩაწერა. გალიომ „ელ მატადორის“ ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობასა და მის მომავალზე ისაუბრა.

— გთხოვთ, ილიას ფიზიკურ კონდიციებზე სიახლეები მოგვაწოდოთ.

„ყოველდღიურ პროგრესს ვხედავ. ვფიქრობ, მენტალურადაც ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ეს პაუზა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა იმისთვის, რომ დაფიქრებულიყო და გაერკვია, რა გზით სურს საკუთარი კარიერის წარმართვა“.

— როგორ გადაიტანეთ თეთრ სახლში გამართული ბრძოლის შედეგი და როგორი იყო მომდევნო დღეები?

„იმ ორთაბრძოლის ყოველ მომდევნო წამს მეგონა, რომ ილია გეიჯის დაანოკაუტებდა, რადგან ვიცი, რომ ამის უნარი აქვს. ეს ჩხუბი ათჯერ მაინც ვნახე და ილიას სახის ვიზუალური მდგომარეობის მიუხედავად, ვთვლი, რომ ბევრად თანაბარი ორთაბრძოლა იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.

მიმაჩნია, რომ ამ ბრძოლის შემდეგ ილია ძალიან გაიზარდა. საძირკველი ჩავყარეთ და წინ წავალთ. იმ საღამოს ასე არ ჩანდა, მაგრამ მჯერა, რომ ბევრად, ბევრად თანაბარი ბრძოლა იყო. ხალხი გიჟად მთვლის, მაგრამ ილიას ორ რაუნდს მივცემდი, გეიჯის — ორს და ბოლო რაუნდის წინ თანაბარი ანგარიში იქნებოდა“.

— გადავიდეთ ახლანდელ სიტუაციაზე. მალკი კავამ, ილიას წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ რევანში 1000%-ით სურთ. ეს ის ბრძოლაა, რომელიც გინდათ?

„დიახ, ზუსტად ასეა! ჩემი მიზანია, ილია 100%-ით მზად იყოს, რათა ნებისმიერ მებრძოლს დაუპირისპირდეს. მოლაპარაკებები ჩემი პასუხისმგებლობა არ არის, რადგან არასდროს იცი, რა მოხდება. შეიძლება უცბად თქვან, რომ შემდეგი ისლამ მახაჩევია — ეს გიჟური სპორტია. ჩემი მიზანია, ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვიყოთ“.

— UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ილია თოფურია საბრძოლველად მზადაა. რა არის თქვენი მოსაზრება ამაზე?

„ეს განცხადება არ მინახავს. ვიღაცამ მკითხა ამის შესახებ და ძალიან გამიკვირდა, მაგრამ არა — ჩვენ ვარჯიშის ეტაპობრივად დაწყების პროცესში ვართ. რა თქმა უნდა, ახლა საბრძოლველად მზად არ ვართ“.

— მეგონა, რომ ილიას დაბრუნების თარიღი 2027 წლის მარტსა და ივნისს შორის იქნებოდა...

„არ ვფიქრობ, რომ ასე დიდხანს ლოდინი მოგვიწევს. ყოველთვის გეუბნებოდით, რომ ილია გენეტიკურად გამორჩეული სპორტსმენია. მისი აღდგენის ტემპი სპორტსმენების 90%-ზე მაღალია. არ მგონია, ასე დიდხანს მოგვიწიოს ლოდინი. ვფიქრობ, თებერვლისთვის მზად ვიქნებით“.

— როგორია ოქტაგონში დაბრუნების პროცესი?

„ვარჯიშის დაწყებამდე ძვლების აღდგენას, მოტეხილობების მოშუშებასა და ორგანიზმის რეაბილიტაციას უნდა დავლოდებოდით. ყველაფერს დრო სჭირდება. ეს პროცესი გავიარეთ და ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ვარჯიშს ახალი მიზნით და ჩხუბის პერსპექტივით დავიწყებთ. ილიამ საკუთარ თავს წნეხი მოუხსნა, რადგან ახლა არ იჩხუბებს იმაზე ფიქრით, რომ დაუმარცხებელი რეკორდი შეინარჩუნოს“.

— ილია თოფურიას რა ვერსიას ვიხილავთ პირველი მარცხისა და ტრავმების შემდეგ?

„ვფიქრობ, თუ მომხდარის კარგ ანალიზს გავაკეთებთ, იხილავთ უკეთეს, უფრო სრულყოფილ ილიას, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ილიას, რომელმაც უკან დატოვა დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსისა და წაგების შიში. ხოლო როდესაც ამას უკან ტოვებ, დასაკარგი აღარაფერი გრჩება — ის, რის შენარჩუნებასაც ცდილობდი, აღარაა და მისთვის ბრძოლა აღარ არის საჭირო. ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ვიხილავთ უკეთეს ილიას. ჩემთვის იგი კვლავ ყველაზე სრულყოფილი მებრძოლია“.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს „ელ მატადორმა“ განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ოქტაგონში დასაბრუნებლად მზად არის. ილიას ჯასტინ გეიჯისთან რემატჩის მიღება სურს, თუმცა ამერიკელი მებრძოლი ამაზე უარს აცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინტერთან კარგად შემოვიდა“ | რუნიაიჩმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
„ინტერთან კარგად შემოვიდა“ | რუნიაიჩმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა