„ინტერთან კარგად შემოვიდა“ | რუნიაიჩმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიური კლუბის მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და „ინტერთან“ ცვლილებაზე 73-ე წუთზე შევიდა.
„ჩაკვეტაძე „ინტერთან“ კარგად შემოვიდა და საკუთარი გამოცდილება უკვე აჩვენა. მინდა, უფრო მეტი ითამაშოს. შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და გიორგი ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია“.
იტალიის სერია A-ს ოთხი ტურის შემდეგ „უდინეზეს“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებს. ჩაკვეტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას „კალიარის“ წინააღმდეგ, საკუთარ კედლებში გამართავს. „კალიარის“ 9 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ჩაკვეტაძეს „უდინეზესთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 3.5 მილიონი ევროა.