„ჩემს თავს ვადანაშაულებ, კომპრომისზე უნდა წავსულიყავი“ - ცხადაძე ნაკრებიდან წასვლაზე
2015 წელს, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა, ეროვნული ნაკრებს კახა ცხადაძე ხელმძღვანელობდა და გუნდი საკმაოდ გამართულ ფეხბურთსაც თამაშობდა. თუმცა, ცხადაძემ ფედერაციის ახალ ხელმძღვანელებთან გარკვეულ დეტალებზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, რის გამოც მის ნაცვლად ვლადიმირ ვაისი დაინიშნა. როგორც ამბობდნენ, კობიაშვილმა მას ახალი სახელფასო სისტემა შესთავაზა, რომლის რაოდენობაც პირდაპირ იქნებოდა ნაკრების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე დამოკიდებული. ნანობს თუ არა მაშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამის თაობაზე ცხადაძემ გადაცემაში „მეფესავით პოდკასტი“ ისაუბრა.
კახა ცხადაძე
ადამიანი ყოველთვის თვითკრიტიკული უნდა იყო, არავის არაფერი არ უნდა დააბრალო და მეც ასე მივუდექი ამ თემას. მე რა შემეშალა, იმაზე გავაკეთე აქცენტი. თავიდანვე რაღაც ყველაფერი არასწორად წავიდა და პირველ რიგში ჩემს თავს ვადანაშაულებ, რის გამოც მაგ თემას არ განვავრცობ, რადგან დავიწყებულია ყველაფერი, თუმცა გულდასაწყვეტია ჩემთვის პირადად რაღა თქმა უნდა. უნდა მეცადა, რომ კომპრომისზე წავსულიყავი. ჩავლილი ამბავია, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ვმეგობრობ და მაშინდელ მოვლენებზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ“.
შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრებს 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 თებერვლამდე ხელმძღვანელობდა და მისი მწვრთნელობის პერიოდში გამართული 10 მატჩიდან გუნდმა 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 6 წააგო.
