დავითაშვილის ტრანსფერის მოლოდინში - სენტ-ეტიენი გეგმას ამზადებს
სენტ-ეტიენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ზურიკო დავითაშვილის და ლუკას სტასინის მიმართ ოფიციალური შეთავაზებების მოლოდინშია. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Foot01 ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა ორივე ფეხბურთელის შესაძლო წასვლისთვის უკვე ემზადება. „მწვანეებმა“ მათი შემცვლელების რამდენიმე კანდიდატი შეარჩიეს და ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ დაახლოებით 10 მილიონი ევროს ღირებულების თავდამსხმელი განიხილება.
Foot01-ის ინფორმაციით, დავითაშვილისა და სტასინის კონტრაქტებში გამოსასყიდი პუნქტებია გათვალისწინებული, თუმცა ამ დრომდე „სენტ-ეტიენს“ არცერთი ფეხბურთელის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ზურიკო დავითაშვილით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. მათ შორის სახელდებიან ოლიმპიაკოსი და ატალანტა, რომლებიც ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს აკვირდებიან.
ფრანგული გამოცემა მიიჩნევს, რომ „სენტ-ეტიენის“ სატრანსფერო აქტიურობა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, მიიღებს თუ არა კლუბი უახლოეს პერიოდში ოფიციალურ შეთავაზებებს დავითაშვილისა და სტასინის ტრანსფერებთან დაკავშირებით.