„კარგ ფორმაში ვარ, გუნდში ოჯახის წევრივით მიმიღეს“ - ხეტაფემ საზონოვი წარადგინა
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, საბა საზონოვმა „ხეტაფეს“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა და ესპანური პრესის კითხვებს უპასუხა.
საბა საზონოვი:
„თავს კარგად ვგრძნობ. როგორც იცით, ვთამაშობთ კონფერენს ლიგაზე, ლა ლიგაში, ესპანეთის თასზე, ამიტომ ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. უკვე ვესაუბრე თანაგუნდელებს და მინდა გითხრათ, რომ მათ ოჯახის წევრივით მიმიღეს. გუნდში კარგი ატმოსფეროა, მწვრთნელთან კომუნიკაციაც კარგია, ამიტომ ყველაფერი რიგზეა.
ყველამ იცის, რომ გასულ სეზონში არ მითამაშია. „ხეტაფეში“ ტრანსფერი ბოლო დღეს ჩაიშალა, შემდეგ კი „ტორინომ“ განაცხადს მიღმა დამტოვა. თუმცა ყოველდღე ვვარჯიშობდი და კარგ ფორმაში ვარ. თამაშის აგრესიული სტილი მაქვს, რაც ასევე „ხეტაფეს“ სათამაშო სტილს ემთხვევა. ამიტომ შევეცდები, საკუთარი უნარების მაქსიმუმი ვაჩვენო.
„ხეტაფეს“ თამაშებს ვუყურებდი და გუნდის შესახებ ბევრი რამ ვიცი. ასევე ვიცნობ ფეხბურთელებს, რომლებსაც ადრე იტალიაში უთამაშიათ. ზოგიერთ მათგანს უკვე ვესაუბრე როგორც ინგლისურად, ისე იტალიურად. მთლიანობაში კარგი გუნდი გვყავს და მიხარია, რომ მეც ამ ოჯახის ნაწილი გავხდი.
რა თქმა უნდა, ვესაუბრე ხოსე ბორდალასს, თუმცა დეტალებზე აქ ვერ ვისაუბრებ. მოკლედ გეტყვით, რომ ჩემი ამოცანა დაცვის ცენტრში თამაში და კარის მშრალად შენახვაა. იმედი მაქვს, მწვრთნელი და თანაგუნდელები დამეხმარებიან, მე კი მათ დავეხმარები.
არასდროს მითამაშია ევროტურნირებზე, ამიტომ კონფერენს ლიგაზე თამაში ჩემთვის ახალი გამოცდილება იქნება. ყველა ფეხბურთელი ბედნიერია, როცა უფრო მაღალი დონის ტურნირზე შეუძლია ასპარეზობა და ეს ჩემს შემთხვევაშიც ასეა. მწვრთნელიც და ფეხბურთელებიც ძალიან მოტივირებულები ვართ.
ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ჩემთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებულად ველოდები თამაშს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ და „ატლეტიკოს“ სტადიონზე, ეს ხომ მადრიდული დერბია“.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს იტალიურ „ტორინოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტის სტატუსით „ხეტაფეს“ შეუერთდა.
აქვე გეტყვით, რომ 6 აგვისტოს „ხეტაფე“ ამხანაგურ მატჩში „მონაკოს“ შეხვდება, 8 აგვისტოს კი „ტოტენჰემთან“ მოსინჯავს ძალებს. ლა ლიგაში სტარტს „ხეტაფე“ 15 აგვისტოს აიღებს - საზონოვის გუნდის მეტოქე „ალავესი“ იქნება.