ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

გუგეშაშვილი პირველი მეკარე იქნება | დიდი ნდობა და წარმატებული დებიუტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა „გიოზთეფეში“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. თურქეთის სუპერლიგის კლუბში ლუკას არაოფიციალური დებიუტი „ბოდრუმთან“ შედგა, ქართველი მეკარე სასტარტო შემადგენლობაში იყო, კარი მშრალად შეინახა, „გიოზთეფემ“ 2:0 გაიმარჯვა.

ინფორმაცია ლუკას „გიოზთეფეში“ გადასვლის შესახებ კრისტალსპორტმა ექსკლუზიურად გაუწყათ. ჩვენი ცნობით, გუგეშაშვილი თურქულ კლუბში პირველ მეკარედ მოიაზრება, მთავარი მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი ლუკას პირველ ნომრად განიხილავს, 2026-27 წლების სეზონში დიდ ნდობას გამოუცხადებს. გამოცდილებიდან და სათამაშო ხარისხიდან გამომდინარე არდა ოზჩიმენი (24 წლის), შამილ ოზთურქი (21 წლის) და ნევზათ უზელი (19 წლის) მასთან კონკურენციას ვერ შეძლებენ, ხოლო გასულ სეზონში „გიოზთეფეს'' პირველი მეკარე და კაპიტანი მატეუშ ლისი პოზნანის „ლეხში'' გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლუკას საკმაოდ მრავალფეროვანი კარიერა აქვს (სხვადასხვა დროს პოლონური „იაგიელონიას“, ესპანური „გრანადას“ და აზერბაიჯანული „ყარაბაღის“ ფეხბურთელი იყო, ამჟამად პაოკ-ის საკუთრებაა), ასეთ მაღალ დონეზე სტაბილურად სათამაშო პრაქტიკა ჯერ არ მიუღია, სრულფასოვანი პირველი მეკარე არ ყოფილა. „გოზთეფე“ მის კარიერაში გარდამტეხი და წარმატებული ეტაპი უნდა გახდეს, რაც ცხადია ეროვნულ ნაკრებში მეკარის პოზიციაზე კონკურენციის გაზრდის წინაპირობა უნდა იყოს.

„გიოზთეფემ“ თურქული სუპერლიგის გასული სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგაზე გასულ „ბაშაქშეჰირს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა.

2025 წლის ზაფხულში გუგეშაშვილი „პანსერაიკოსიდან'' მილიონ ევროდ პაოკ-ში გადავიდა, თუმცა „არწივებში'' სათამაშო დრო ვერ მიიღო, რის გამოც სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ატრომიტოსში'' გაატარა. ლუკას პაოკთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აქვს, „გიოზთეფეში'' ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, სეზონის შემდეგ თურქულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები