გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ის, ვინც ფლიკს სჭირდება | The Athletic-მა ბარსას მიქაუტაძის შეძენა ურჩია

The Athletic-ის ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა, ალექსანდერ ბარკერმა „ბარსელონას“ გიორგი მიქაუტაძის გაფორმება ურჩია. ბარკერის მიხედვით, თუ „ბლაუგრანამ“ ხულიან ალვარესი ვერ შეიძინა, არჩევანი ქართველ ფეხბურთელზე უნდა შეაჩეროს.

„„ბარსელონას“ თავდამსხმელის შეძენა უნდა, თუმცა მთავარი სამიზნის, ხულიან ალვარესის გაფორმება, ალბათ, ძალიან გაუჭირდება. სწორედ ამიტომ, მისი ალტერნატივა ვიპოვე, რომელზეც არავინ ლაპარაკობს.

მოდით, დავიწყოთ იმით, თუ რა სჭირდება „ბარსელონას“. გასულ სეზონში „ბლაუგრანას“ თამაშებსა და იმას თუ გადავხედავთ, რობერტ ლევანდოვსკისა და ფერან ტორესს როგორ იყენებდნენ, მივხვდებით, ჰანსი ფლიკს რა ტიპის თავდამსხმელი უნდა.

„ბარსელონა“ გიჟურ ტემპში თამაშობს და ძალიან სწრაფი შემტევები ჰყავს. იდეალურ სცენარში მათ სჭირდებათ თავდამსხმელი, რომელიც ბურთის მისაღებად უკან დაიხევს და თანაგუნდელებს პასებს სწრაფად გაუკეთებს. ამისთვის კარგი პირველი შეხება და მწვავე გადაცემების გაკეთების უნარია აუცილებელი.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება იმას, თუ როგორ თამაშობს „ბარსელონა“ დაბალ ბლოკში მდგარი გუნდის წინააღმდეგ. ისინი აქცენტს ჩაწოდებებზე კი არ აკეთებენ, ცდილობენ, მეტოქის საჯარიმოში მეთოდურად შევიდნენ. ამისთვის საჭიროა თავდამსხმელი, რომელსაც სივრცის აღქმის უნარი აქვს და შეტევებს ცივსისხლიანივით აგვირგვინებს.

ამ ცოდნით შეიარაღებულმა, იგორ ტიაგო და სხვა თავდამსხმელები გამოვრიცხე და მოკლე სია შევადგინე, რომელშიც იონათან ბურკარდტი და ფისნიკ ასლანი შევიყვანე. თუმცა, შემდეგ გიორგი მიქაუტაძის მატჩების ყურება დავიწყე.

მიქაუტაძე 25 წლისაა, „ვილიარეალში“ თამაშობს და გოლების მხრივ შესანიშნავი სტატისტიკა აქვს. ბოლო ექვსი სეზონიდან ყველაში მან მინიმუმ 10 ბურთი შეაგდო და მოსალოდნელი გოლების ინდექსს სტაბილურად აჭარბებს. რაც უფრო მეტ თამაშს ვუყურე, მით უფრო დავრწმუნდი, რომ მიქაუტაძეს აქვს ყველაფერი, რათა ზუსტად ის იყოს, რაც „ბარსელონას“ სჭირდება.

მიქაუტაძეს შეუძლია, ერთი შეხებით პასები ორივე ფეხით ერთნაირად კარგად გააკეთოს და ზუსტად ისეთი შეტევები წამოიწყოს, როგორიც „ბარსელონას“ უნდა. მართალია, ქართველი ფეხბურთელი მეორე სართულზე სახიფათო არაა, მაგრამ ამას ანეიტრალებს იმით, რომ შეტევების დაგვირგვინება ორივე ფეხით შეუძლია.

როგორც წესი, ყველაზე ზუსტი ტერფის შიდა ნაწილით დარტყმისას არის და შეუძლია, გოლი რთული პოზიციებიდან გაიტანოს. ასე რომ, თუ „ბარსელონას“ უნდა გაიფორმოს თავდამსხმელი, რომლის სახელი და გვარიც ხულიან ალვარესი არ არის, მიქაუტაძე ჩემი რჩეულია“.

ცნობისთვის, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ „ბარსელონა“ ალვარესის ალტერნატივად სამ ფეხბურთელს მოიაზრებს და ერთ-ერთი მათგანი მიქაუტაძეა. თუმცა, „ბლაუგრანა“ ახალ ფორვარდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ ალვარესს ვერ იყიდის და გუნდიდან ფერან ტორესი წავა. ფერანით „პარი სენ-ჟერმენი“ ინტერესდება და დიდი შანსია, მან ადგილსამყოფელი გამოიცვალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგად ვითამაშეთ, მიხარია, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა“ | ლარნეს მწვრთნელის კომენტარი
„კარგად ვითამაშეთ, მიხარია, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა“ | ლარნეს მწვრთნელის კომენტარი