„კარგად ვითამაშეთ, მიხარია, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა“ | ლარნეს მწვრთნელის კომენტარი
„ლარნეს“ მთავარმა მწვრთნელმა, გარი ჰავერონმა მატჩისშემდგომი კომენტარი გააკეთა. ჩრდილოეთ ირლანდიური გუნდის დამრიგებელმა „იბერია 1999“-თან გამართული შეხვედრა შეაფასა და განმეორებით თამაშზე ილაპარაკა.
„მატჩის დათქმულ დროს ჩატარება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მოხარული ვარ, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა და სწორი არჩევანი გაკეთდა. რაც შეეხება „იბერია 1999“-თან დაპირისპირებას, განმეორებით თამაშს მოუთმენლად ველოდები. სტუმრად ვიასპარეზებთ და თუ რამის მიღწევა გვინდა, ეს რთული გზით უნდა გავაკეთოთ.
ვფიქრობ, პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ და მატჩის ყველა 100-პროცენტიანი მომენტი ჩვენ შევქმენით. გულდასაწყვეტია, ასეთი შანსების ფონზე სასურველი შედეგი რომ ვერ დავაფიქსირეთ. გარკვეულ მომენტებში ვდომინირებდით. რა თქმა უნდა, „იბერია 1999“ კარგი გუნდია, თუმცა მიმაჩნია, რომ ძალიან, ძალიან კარგად ვითამაშეთ.
მეორე ნახევარი შესანიშნავად დავიწყეთ, თუმცა ტაიმის შუაში რიტმი დავკარგეთ. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ბიჭებმა პირველიდან ბოლო წუთამდე ბრწყინვალედ იასპარეზეს. ამ თამაშის გამო თავდაჯერებულობა გაგვიჩნდა და ერთადერთი იმედგაცრუება ისაა, რომ ვერ მოვიგეთ“.
შეგახსენებთ, რომ „ლარნესა“ და „იბერია 1999“-ის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა თბილისში, 11 აგვისტოს გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ლიგის პლეი-ოფში გავა.