„შეტევაში ჩართვის მხრივ ტოპ-მცველია“ - უკრაინელი ჟურნალისტი მაისურაძეზე
ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა, მიხაილო სპივაკოვსკიმ თავის Youtube-პოდკასტში პოლისია-კოპენჰაგენის მატჩზე ისაუბრა და უკრაინული კლუბის ქართველი მცველის, გიორგი მაისურაძის თამაში შეაფასა.
მაისურაძემ „კოპენჰაგენთან“ მატჩში 74 წუთი ითამაშა, პირველ ტაიმში კი საკუთარ საჯარიმოში დანიელთა შემტევი წააქცია, რის შედეგადაც „პოლისიას“ კარში პენალტი დაინიშნა. სპივაკოვსკიმ ყურადღება სწორედ ამ ეპიზოდზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ ეპიზოდში მაისურაძეს არავინ აზღვევდა.
„დაცვის მარჯვენა ფლანგზე „პოლისიას“ არჩევანის გაკეთება გიორგი მაისურაძესა და ნიკიტა კრავჩენკოს შორის უწევს გაკეთება. ჩემი აზრით, ეს ორივე ფეხბურთელი ძალიან შემტევია, დაცვაში კი მოიკოჭლებენ. კრავჩენკოს კარგი ჩაწოდებები აქვს, მაისურაძეს კი ტექნიკა და დრიბლინგი. შეტევაში ჩართვის მხრივ, ისეთი გუნდისთვის, რომელიც ბურთს ხშირად ფლობს, მაისურაძე ტოპ დონის განაპირა მცველია. უბურთოდ თამაშის შემთხვევაში კი ორივე ვარიანტი ძალიან სარისკოა.
„კოპენჰაგენთან“ პირველ ტაიმში მაისურაძეს ორი შეცდომა ჰქონდა. ერთხელ მის არაზუსტ პასს მეტოქის სახიფათო შეტევა მოჰყვა, როცა ანგარიში უკვე 0:1 იყო. მეორე შეცდომა კი პენალტის ეპიზოდი იყო.
რა მოხდა პენალტის ეპიზოდში? პირველი 20 წუთის განმავლობაში ლეანდრო ანდრადე უკან ჩამოსვლას ასწრებდა და სტაბილურად აზღვევდა მაისურაძეს. პენალტის ეპიზოდში კი მაისურაძე „კოპენჰაგენის“ შემტევთან მარტო დარჩა, ტექნიკურად მეტოქე მასზე ძლიერი აღმოჩნდა, ლეანდრო ანდრადე კი მხოლოდ ამ დროს გადმოდიოდა საკუთარ ნახევარზე.
როცა მეტოქის ფეხბურელი დიდი სისწრაფით შედის საჯარიმოში, შენ კი ხედავ, რომ ბურთზე თამაშს ვეღარ ასწრებ, უნდა შეაფასო ყველა რისკი და გააანალიზო, რისი გაკეთება შეუძლია მეტოქეს და სად დაეწევა ის წინ გაგდებულ ბურთს. ეს აბსოლუტურად უადგილო და უაზრო დარღვევა იყო“.
ცნობისთვის, ორი მატჩის ჯამში „პოლისია“ „კოპენჰაგენთან“ 4:5 დამარცხდა და ევროთასებს გამოეთიშა.