უდინეზე, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„ასე თამაში მათთვის უფრო მარტივია“ - უდინეზეს მწვრთნელმა გოგლიჩიძეზე და დაცვაზე ისაუბრა

ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საბა გოგლიჩიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზემ“ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. იტალიური კლუბი ავსტრიის ქალაქ ლინცში „ტრაბზონსპორს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

თურქულმა კლუბმა ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე გაიტანა. თავი ერნესტ მუქიმ გამოიჩინა.

ამ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძეს მონაწილეობა არ მიუღია. ქართველი შემტევი ტრავმისგან სარეაბილიტაციო პროცესს გადის და ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა პრესეზონზე დაბრუნებას. რაც შეეხება გოგლიჩიძეს, საბა მოედანზე 72-ე წუთიდან გამოჩნდა და დარჩენილ დროში უშეცდომოდ ითამაშა.

იმ დროის განმავლობაში, რაც გოგლიჩიძეს მიეცა, ქართველი ბურთს 8-ჯერ შეეხო, 6-დან 5 ზუსტი პასი გააკეთა, ერთხელ დაჯარიმდა, 2-დან 1 პოზიციური დუელი მოიგო, მეტოქის დარტყმა ერთხელ დაბლოკა და ბურთი ერთხელ აართვა. მისი თამაში Sofascore-ზე 7.1 ქულით შეფასდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა განვლილი მატჩი შეაფასა და მცირე კომენტარი საბა გოგლიჩიძის შესახებაც გააკეთა.

რა თქვა რუნიაიჩმა:

„ამ ეტაპზე ძანოლი ჯერ კიდევ არ არის მზად, არიზალას კი გარკვეული პრობლემები ჰქონდა და მხოლოდ 25 წუთი ითამაშა. ამიტომ, გადავწყვიტე რამდენიმე მცველი ვინგბექებად დამეყენებინა, რამაც მათზე კარგად არ იმოქმედა. შესაბამისად, ოთხკაციანი დაცვის ხაზით ვითამაშეთ, რისი გამკლავებაც ბევრად მარტივია ისეთი მოთამაშეებისთვის, როგორებიც პალმა და გოგლიჩიძე არიან, რომლებმაც ფულბექების პოზიციაზე ითამაშეს.

ვფიქრობ, კარგად ვიასპარეზეთ. თამაშში ჩასართავად რამდენიმე წუთი დაგვჭირდა, განსაკუთრებით დასაწყისში. სიცხემ მატჩი კიდევ უფრო გაართულა, თუმცა ამას ძალიან კარგად გავუმკლავდით. არა მგონია, „ტრაბზონსპორი“ ჩვენს წინააღმდეგ ასეთ დაძაბულ თამაშს ელოდა. ყოველთვის სასიამოვნოა ამდენი გულშემატკივრის ხილვა, როგორც ეს დღეს მოხდა. ისინი მუდმივად გვიჭერენ მხარს და ვიცით, რომ მათი იმედი ყოველთვის შეგვიძლია გვქონდეს.“

„უდინეზე“ პრესეზონზე კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ქართველების გუნდი 8 აგვისტოს დახურულ მატჩში „ნოტინგემ ფორესტს“ დაუპირისპირდება, 9 აგვისტოს კი „ბარსელონას“ შეხვდება. 15 აგვისტოს გუნდი კოპა იტალიაზე იასპარეზებს, სადაც პადოვას დაუპირისპირდება, სერია A-ს ახალ სეზონს კი 22 აგვისტოს, „კომოსთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგლიჩიძემ ითამაშა, ჩაკვეტაძემ არა - უდინეზემ პირველი ტესტი წააგო
გოგლიჩიძემ ითამაშა, ჩაკვეტაძემ არა - უდინეზემ პირველი ტესტი წააგო