ათიათასობით კომენტარი | რონალდუს ფანები კრიშტიანუს თანაგუნდელებს აკრიტიკებენ
პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ცუდად დაიწყო. „სელესაომ“ მუნდიალის პირველი თამაში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ გამართა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
პორტუგალიელთა წარუმატებელმა სტარტმა და ჟოაუ ნევეშის განცხადებამ კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივრების დიდი ნაწილის განრისხება გამოიწვია. ნევეშმა აღნიშნა, რომ რონალდუ ამ მომენტში სხვებისგან არაფრით განსხვავდება და ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც მუნდიალზე გუნდის დასახმარებლად იმყოფება.
კრიშტიანუს ფანებმა გადაწყვიტეს, თავიანთი პოზიცია სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ დაეფიქსირებინათ. მათ რონალდუს თანაგუნდელები გააკრიტიკეს და განსაკუთრებული აქცენტი ბრუნო ფერნანდეშსა და ჟოაუ ნევეშზე გააკეთეს. ნევეშის ბოლო პოსტს ამ მომენტისთვის 75 000-ზე მეტი კომენტარი აქვს, ფერნანდეშის ბოლო პოსტს კი — 46 000-ზე მეტი. მათი უმრავლესობა სწორედ კრიშტიანუს ეხება.
რას უწერენ ჟოაუ ნევეშს
„არგენტინა მესისთვის თამაშობს; თუ მსოფლიოს მოგება გინდათ, რონალდუსთვის ითამაშეთ“.
„შენი კომენტარები კრიშტიანუზე უპატივცემულო და არაპროფესიონალურია. არაა აუცილებელი რონალდუ მოგწონდეს, მაგრამ პატივისცემა უნდა გამოიჩინო. ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი ხარ, მაგრამ ტალანტი პატივისცემის გარეშე არაფერს ნიშნავს. კლასი გამოიჩინე და რონალდუზე საუბარი შეწყვიტე“.
„რონალდუ პორტუგალიის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ის არის მოთამაშე, რომელმაც თქვენს ნაკრებს დიდება მოუტანა. ფეხბურთი ითამაშე, მოკეტე და მასზე არ ილაპარაკო“.
„რონალდუს გარეშე არაფერს წარმოადგენთ“.
რას უწერენ ბრუნო ფერნანდეშს
„მიყვარხარ, მაგრამ თუ გოლი ვერ გაგაქვს, რონალდუს მიეცი პასი“.
„ბევრ ფეხბურთელს მხოლოდ ოცნება შეუძლია იმაზე, რომ გუნდში კრიშტიანუ რონალდუსნაირი ლეგენდა ჰყავდეს. შენ კი გაქვს შესაძლებლობა, მის გვერდით იყო და ითამაშო — ჰოდა, რატომ უნდა გძულდეს ის?! პირიქით, ბედნიერი უნდა იყო და ამას დიდ პრივილეგიად მიიჩნევდე. მიკვირს, რატომ გძულს ის ასე ძალიან“.
„უბრალოდ რონალდუს ბურთი მიეცი!“
„რონალდუსთვის პასის გაკეთების გეშინია?“
„რონალდუსთვის იბრძოლეთ, ეს მისი ბოლო მსოფლიოა“.
ცნობისთვის, რონალდუ და კომპანია მომდევნო შეხვედრას უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 23 ივნისს, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.