„ბრძოლამდე ვახშამი გამართა და გეიჯის „დაკრძალვა“ მოუწყო“ - ენტონი სმიტმა ილიაზე ისაუბრა
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ენტონი სმიტმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ „ელ მატადორი“ ტრავმებს მალე მოიშუშებს და ოქტაგონს წლის ბოლომდე დაუბრუნდება.
რას ამბობს სმიტი:
„ილიამ ნამდვილად დიდი ზიანი მიიღო, მაგრამ არ მიგრძვნია, რომ ფეხზე ძლივს იდგა და ბარბაცებდა. ვფიქრობ, გადამწყვეტი ზიანი ბოლოს კორპუსში მოხვედრილი მუხლი იყო. რაც შეეხება სახეზე არსებულ ჭრილობებს, ისინი საშინლად გამოიყურება, თუმცა დარწმუნებული ვარ, მალე მოშუშდება. მგონია, ერთ კვირაში თითქმის ახალივით იქნება. ასე რომ, ვისურვებდი მის ხილვას ოქტაგონზე წლის ბოლოსკენ, რადგან ასეთ დროს, დიდი ხნით უმოქმედოდ ყოფნა არ არის კარგი - ეს ფსიქოლოგიურად განადგურებს“.
„ეს შენს თავდაჯერებულობაზეც ნეგატიურად მოქმედებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთი დონის სუპერვარსკვლავი ხარ, როგორიც ის არის და ამხელა ყურადღების ცენტრში იმყოფები. ამ მარცხის მიღება და გადახარშვა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს — მით უმეტეს იმ სისულელეების ფონზე, რასაც ლაპარაკობდა. ბრძოლამდე სადღესასწაულო ვახშამი გამართა და გეიჯის „დაკრძალვა“ მოუწყო. ახლა კი გარკვეული დროით თავისივე ნათქვამის „შეჭმა“ მოუწევს. ასე რომ, რაც უფრო მალე გამოჯანმრთელდება, 100 პროცენტით ფორმაში ჩადგება და შეეცდება, რომ ეს მძიმე ტვირთი მოიშოროს, მით უკეთესი მისთვის.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.