კომპანის დისკვალიფიკაცია | რა აკრძალვები აქვს ბაიერნის მწვრთნელს
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „ბაიერნი“ გახლავთ. „რეკორდმაისტერი“ პირველ შეხვედრას სტუმრად, „პარკ დე პრენსზე“ გამართავს და „რეალთან“ მიღებული ყვითელი ბარათის გამო, ამ შეხვედრას გერმანელთა მთავარი მწვრთნელი, ვენსან კომპანი, გამოტოვებს.
BILD-მა ბელგიელი სპეციალისტის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა აკრძალვები, რომლებიც მას უეფამ დაუწესა. კომპანის უფლება ექნება, სტადიონზე გუნდთან ერთად ავტობუსით მივიდეს, თუმცა როგორც კი ავტობუსი „პარკ დე პრენსის“ ტერიტორიაზე შევა, ის ფეხბურთელებს უნდა გამოეყოს და არც გასახდელში შესვლის უფლება ექნება.
კომპანი მატჩს კერძო ლოჟიდან მიადევნებს თვალს, სადაც მასთან ერთად უეფას ოფიციალური წარმომადგენელი იქნება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დისკვალიფიკაციის წესები დაცული იყოს. მობილური ტელეფონით ნებისმიერი სახის კომუნიკაცია სამწვრთნელო შტაბთან კატეგორიულად აკრძალულია. ამ წესს უეფა მკაცრად აკონტროლებს.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ პირველი თამაში 28 აპრილს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.