„ბეშიქთაშის ფანების გულების მოსაგებად ორი მატჩი ეყოფა“ - თურქი ჟურნალისტი ზურიკოზე
თურქული Radyo Gol-ის ჟურნალისტმა, ათაქან ქურთმა ბეშიქთაშის სატრანსფერო სამიზნეებზე საუბრისას ზურიკო დავითაშვილზე გაამახვილა ყურადღება.
კითხვაზე, გააბედნიერებს თუ არა დავითაშვილის ტრანსფერი „ბეშიქთაშის“ ფანებს, თურქმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ქართველ გარემარბს გულშემატკივრების გულების მოსაგებად ორი მატჩი ეყოფა.
„მიეცით მას საშუალება, ორჯერ ითამაშოს „ბეშიქთაშის“ მაისურით, და მე გარანტიას გაძლევთ, რომ გულშემატკივრები ბედნიერები იქნებიან, იმიტომ რომ ის კარგ პერფორმანსს შემოგვთავაზებს.
ზურიკო განსხვავებას ქმნის საფრანგეთის მეორე ლიგაში და თურქეთის სუპერლიგაშიც აუცილებლად შექმნის. უკვე ხუთი წელია „ბეშიქთაში“ მარცხენა გარემარბის გარეშე თამაშობს. როგორც კი დავითაშვილი ამ პოზიციაზე გამოჩნდება და თავის უნარებს გვაჩვენებს, გაიტანს გოლებს და გააკეთებს ასისტებს, ეს გულშემატკივრებში აღფრთოვანებას გამოიწვევს“.
ცნობისთვის, „ბეშიქთაშისა“ და ზურიკო დავითაშვილის თაობაზე თურქულ სპორტულ მედიაში საკმაოდ ხშირად საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი სერდალ ადალი ზურიკოს დიდი გულშემატკივარია, ხოლო ახალდანიშნულმა მწვრთნელმა, ვინჩენცო იტალიანომ მარცხენა გარემარბის პოზიციის გაძლიერება მოითხოვა.
აქვე შეგახსენებთ, რომ „სენტ-ეტიენმა“ ლიგა 1-ში დაბრუნება ვერ შეძლო და გაისადაც რანგით მეორე დივიზიონში იასპარეზებს. ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და, დიდი ალბათობით, ზაფხულში „მწვანეებს“ დატოვებს.