არანაირი კონტაქტი ოლისესთან | რეალმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა
მადრიდის „რეალმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და უარყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მაიკლ ოლისეს გადაბირებაზე მუშაობა დაიწყო. „თეთრების“ თქმით, მათ არც ოლისესთან და არც მის წარმომადგენლებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.
„სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, რომელიც ეხება ჩვენი კლუბის სავარაუდო ინტერესს „ბაიერნის“ ფეხბურთელ მაიკლ ოლისეს მიმართ, „რეალს“ სურს განაცხადოს, რომ მას არ ჰქონია არანაირი პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი აღნიშნულ ფეხბურთელთან, მის წარმომადგენლებთან ან მისი გარემოცვის წევრებთან.
„რეალს“ ასევე სურს ხაზი გაუსვას იმ ბრწყინვალე ურთიერთობას, რომელსაც იგი მიუნხენის „ბაიერნთან“ ინარჩუნებს, რომელთანაც აკავშირებს ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და დადებითი დამოკიდებულების ხანგრძლივი ისტორია. ჩვენი კლუბი მწუხარებას გამოთქვამს სპეკულაციების გავრცელების გამო, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება.
ორივე კლუბი ყოველთვის ინარჩუნებდა ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, რაც, სხვა ასპექტებთან ერთად, აისახება საერთო ხედვაში, რომ მეორე კლუბის კუთვნილი ფეხბურთელის მიმართ ნებისმიერი პოტენციური ინტერესი, პირველ რიგში, თავად სუბიექტებს შორის უნდა განიხილებოდეს — ინსტიტუციური ერთგულების იმ პრინციპების შესაბამისად, რომლებიც ისტორიულად განსაზღვრავდნენ ურთიერთობას მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის,“— ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისას, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, კლუბი 150 მილიონი ევროს ღირებულების ფეხბურთელს გაიფორმებოდა. ესპანური გამოცემების მიხედვით, ფლორენტინოს საუბარი სწორედ ოლისეზე ჰქონდა და მისი ტრანსფერის შესახებ საუბარი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.