ზეწოლა FIFA-ს ასოციაციის წევრ ქვეყნებზე - ახალი სკანდალი ინფანტინოს ირგვლივ
ფიფა წევრ ფეხბურთის ფედერაციებს წინასწარ მომზადებულ წერილებს უგზავნიდა, რომლებშიც ჯანი ინფანტინოს ფიფას პრეზიდენტად ხელახლა არჩევის მხარდაჭერის ტექსტი უკვე გაწერილი იყო. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, წერილები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე თავად ფიფას ადმინისტრაციამ მოამზადა და სხვადასხვა ეროვნულ ასოციაციას გაუგზავნა.
Sky News-მა მოიპოვა დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ მხარდაჭერის წერილში წინასწარ იყო მითითებული კონკრეტული ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის სახელი და ხელმოწერაც, რის შემდეგაც დოკუმენტი ოფიციალური მხარდაჭერის ნიშნად ფიფაში უნდა დაბრუნებულიყო.
წყაროს ინფორმაციით, მსგავსი წერილები ყველა ასოციაციას არ მიუღია, თუმცა მათი გავრცელება მაისსა და ივნისში აქტიურად მიმდინარეობდა.
იმ პერიოდში ინფანტინოს კონკურენტი არ ჰყავდა, თუმცა ახლა უეფა 18 ნოემბრის ვადამდე საერთო კანდიდატის მოძიებას ცდილობს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიზანია ინფანტინოს ხელისუფლებიდან ჩამოშორება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან მსოფლიო ჩემპიონატის კომერციულ უფლებებში კერძო ინვესტორების ჩართვა სცადა.
მანამდე The Guardian-ი წერდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ინფანტინოს უკვე 200-ზე მეტი წევრი ასოციაციის ოფიციალური მხარდაჭერა ჰქონდა, ხოლო ფიფას 211 წევრიდან მხოლოდ რამდენიმე ფედერაციას არ ჰქონდა მხარდაჭერის წერილი გაგზავნილი.
Sky News-ის ინფორმაციით, ფიფას მიერ მომზადებულ წერილებში ხაზგასმული იყო, რომ ინფანტინოს ხელმძღვანელობით მსოფლიო ფეხბურთში ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად განვითარდა და განსაკუთრებული პროგრესი ქალთა ფეხბურთმაც განიცადა.
ფიფას მოქმედ რეგულაციებში პირდაპირ არ არის აკრძალული, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანიისთვის ორგანიზაციის შიდა რესურსები გამოიყენოს.
თუმცა ფიფას მმართველობის წესებში აღნიშნულია:
„კანდიდატებმა და მათი საარჩევნო კამპანიებმა უნდა იმოქმედონ სამართლიანად, ღირსეულად და ფიფას რეგულაციებისა და ფუნდამენტური ეთიკური პრინციპების სრული დაცვით.
კამპანია უნდა წარიმართოს ღირსეულად, ზომიერად და სხვა კანდიდატების, ფიფასა და მისი წევრი ასოციაციების პატივისცემით.“
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლო კონკურენტ კანდიდატს ფიფას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა არ ექნება. ფიფას მმართველობის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, მიგელ მადურომ, მომხდარი მკაცრად გააკრიტიკა.
„ადმინისტრაციის ასეთი ქმედება არღვევს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რომელიც ფიფას პრეზიდენტის არჩევნების დროს აუცილებლად უნდა იყოს დაცული,“ — განაცხადა მადურომ.
ის ფიფას მმართველობის კოდექსის 63-ე მუხლს დაეყრდნო, სადაც წერია, რომ:
„პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს ფიფას წესდებისა და ეთიკის კოდექსის ფუნდამენტური პრინციპების — დემოკრატიის, ხელისუფლების დანაწილების, გამჭვირვალობისა და ღიაობის — სრული დაცვით.“
მადუროს შეფასებით, „პროცესში ჩართულმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტმაც, შესაძლოა თანამდებობრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს.“
Sky News-ის ცნობით, კითხვების გაგზავნიდან ცხრა საათზე მეტი გავიდა, თუმცა ფიფას ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.