„ალისონი გუნდს ისე სჭირდება, როგორც არასდროს“ - ბრიტანული მედია მამარდაზე და ბეკერზე წერს
ალისონ ბეკერი მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომი შვებულების შემდეგ „ლივერპულში“ დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდი ამერიკული ტურნედან რამდენიმე დღეში დაბრუნდება, რის გამოც 33 წლის მეკარეს პირველი ვარჯიშის ჩატარება სპორტდარბაზში მოუწია.
პარალელურად, მერსისაიდული მედია გუნდში ალისონისა და გიორგი მამარდაშვილის კონკურენციაზე წერს, თუმცა მოიაზრებს, რომ ახალ სეზონში გუნდის პირველი მეკარე კვლავ ბრაზილიელი იქნება. ამასთან, Rush The Kop აღნიშნავს, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდიდან რამდენიმე ვეტერანის წასვლის გამო, ალისონ ბეკერს „ლივერპულში“ უმნიშვნელოვანესი როლი ექნება.
რა წერია სტატიაში:
„ლივერპულის მეკარემ, ალისონ ბეკერმა, ენფილდზე თავისი მომავლის შესახებ ნათელი გზავნილი გაავრცელა. წინასასეზონო ვარჯიშზე დაბრუნებისას მან მხოლოდ სამი სიტყვა თქვა: Let's go again.
ამ ზაფხულს ვეტერანი მეკარის მიმართ ინტერესს „იუვენტუსსა“ და საუდის არაბეთის პრო-ლიგის კლუბებს მიაწერდნენ, რამაც გააჩინა კითხვები იმის შესახებ, დატოვებდა თუ არა ბრაზილიელი „ენფილდს“ ახალი სეზონის დაწყებამდე. თუმცა, ალისონმა ამ სამსიტყვიანი განცხადების შემდეგ, გულშემაკტივრები ნამდვილად დაამშვიდა.
იტალიაში დაბრუნების შესახებ სპეკულაციებს აძლიერებდა ის ფიზიკური პრობლემებიც, რომლებსაც 33 წლის ფეხბურთელი ბოლო სეზონებში აწყდებოდა, ასევე გიორგი მამარდაშვილის გამოჩენა, რომელიც მიიჩნევა „ენფილდზე“ ნომერ პირველი მაისურის სავარაუდო მემკვიდრედ.
თუმცა, „ლივერპულმა“ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ალისონის კონტრაქტში ერთწლიანი გახანგრძლივების პუნქტი აამოქმედა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2027 წლამდე გრძელდება, ამასთან, გრძელვადიან კონტრაქტზე მოლაპარაკებები კვლავ შესაძლებლად რჩება.
„ლივერპულს“ ალისონი ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს
ამ ზაფხულს „ლივერპულმა“ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რის გამოც ალისონის ყოფნა გუნდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. მოჰამედ სალაჰისა და ენდი რობერტსონის წასვლის შემდეგ, ბრაზილიელი ახლა კლუბის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და სტაჟიანი ფიგურაა. შესაძლოა, ის დომინიკ სობოსლაისთან ერთად ვიცე-კაპიტნობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატადაც კი მოგვევლინოს.
2018 წელს „რომადან“ გადმოსვლის შემდეგ, ალისონი „ლივერპულს“ ყველა ძირითადი ტიტულის მოგებაში დაეხმარა, მათ შორის პრემიერლიგის, ჩემპიონთა ლიგის, ინგლისის ასოციაციის თასისა FA Cup და კარაბაოს თასის მოპოვებაში. მისი გამოცდილება, ლიდერობა და გამარჯვებულის მენტალიტეტი ფასდაუდებელი იქნება მაშინ, როცა ანდონი ირაოლა „ენფილდზე“ ახალ ეპოქას იწყებს.
მისი მნიშვნელობა ბევრად სცდება მხოლოდ დარტყმების მოგერიების უნარს.
მოსალოდნელია, რომ „ლივერპულის“ დაცვის ხაზს მოედანზე ჯერ კიდევ დასჭირდება შეთამაშება, რაც ალისონის მხრიდან ორგანიზებას, კომუნიკაციასა და საჯარიმო მოედნის კონტროლს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს.
ასევე არსებობს წმინდა საფეხბურთო მიზეზებიც, რის გამოც „ლივერპული“ ეცდება, ის შეინარჩუნოს, როგორც უდავო პირველი არჩევანი.
გასულ სეზონში, ალისონის ტრავმის გამო არყოფნის დროს, გიორგი მამარდაშვილს მოუწია საქმეში ჩართვა, თუმცა ქართველმა ბოლომდე ვერ დატოვა დამაჯერებელი შთაბეჭდილება. მართალია, მისი ბურთის მოგერიების უნარი კვლავ მაღალ დონეზე ფასდება, მაგრამ ბურთის განაწილება და „ლივერპულის“ დაცვითი სტრუქტურის საერთო მართვა ალისონის დონესთან შედარებით ერთი საფეხურით დაბლა ჩანდა, რაც ხაზს უსვამს მათ შორის ჯერ კიდევ არსებულ სხვაობას.
მართალია, ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ტრავმებმა ალისონის ხელმისაწვდომობა შეზღუდა, რამაც „ლივერპული“ აიძულა, დიდწილად დაყრდნობოდა როგორც მამარდაშვილს, ისე მანამდე კელეჰერს. ამიტომ, მისი დატვირთვის მართვა არსებითი იქნება, განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგის ისედაც დატვირთულ კალენდარში დაბრუნების ფონზე.
ალისონის როლი მოედანს მიღმაც ვრცელდება
თუ მოსალოდნელია, რომ მამარდაშვილი საბოლოოდ მუდმივად გადაიბარებს მეკარის ხელთათმანებს, მისთვის „ლივერპულის“ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეზე უკეთესი მენტორი ვერ იარსებებს. ალისონის გვერდით კიდევ ერთი ან ორი სეზონის გატარება ქართველს ფასდაუდებელ გამოცდილებას შესძენს, ხოლო „ლივერპულს“ თაობათა შორის ბუნებრივი გადასვლის საშუალებას მისცემს.
ამჟამად კი ალისონის გზავნილი იმაზე ნათელი ვერ იქნებოდა, ვიდრე არის. ტრანსფერების გარშემო არსებული სპეკულაციებისა და გაურკვევლობის ფონზე, მისი სამი სიტყვა მიანიშნებს, რომ ის სრულად კონცენტრირებულია იმაზე, რაც „ლივერპულის“ გულშემატკივრებს ასე ძალიან სურთ.
ალისონის შვებულების პერიოდში, პრე-სეზონზე გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ ყველა ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამერიკულ ტურნეზე მერსისაიდულმა გუნდმა სამი მატჩი გამართა - 26 ივლისს „სანდერლენდთან“, რომელიც 4:2 მოიგო, 30 ივლისს „უერექსჰემთან“ 1:0 გაიმარჯვა და 2 აგვისტოს, „ლიდსთან“ 4:2 დამარცხდა. შესაბამისად, ქართველმა მეკარემ 6 ბურთი გაუშვა.
ახალ სეზონამდე „ლივერპულს“ კიდევ სამი ამხანაგური მატჩი ელის - 9 აგვისტოს „მონაკოსთან“, 16 აგვისტოს კი „კომოსთან“ 15:00 და 21:00 საათზე ორი ამხანაგური შეხვედრაა დაგეგმილი. ანდონი არეოლას გუნდი პრემიერ ლიგის ახალ სეზონს 23 აგვისტოს, „ნიუკასლთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს.