ტატოს ტალანტი და ბექაური-მაისურაძის კონკურენცია - ინტერვიუ ნესტორ ხერგიანთან
ბოლო პერიოდში ქართულ ძიუდოში მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ლაშა გუჯეჯიანმა, რომლის შემცვლელის ვინაობაც ცნობილი არ არის. გაიჟღერა ჯარჯი ზვიადაურის კანდიდატურამ, თუმცა ჯერჯერობით ფედერაციის ხელმძღვანელებს ამის თაობაზე ოფიციალურად არაფერი უთქვამთ, რის გამოც გადაჭრით ამ თემაზე საუბარი არ ღირს.
სანამ ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს დაამტკიცებენ, იქამდე ყოველთვის საინტერესოა იმ ადამიანების აზრის მოსმენა, რომელთაც სპორტის ამ სახეობაში წარუშლელი კვალი აქვთ დატოვებული და ერთ-ერთი მათგანი ნესტორ ხერგიანია, რომელმაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ნესტორ ხერგიანი
ამჟამად ძიუდოს მწვრთნელი ვარ, ქვემო ქართლის რეგიონში ვარჯიშებს ვატარებ და ახალგაზრდა თაობას გამოცდილებას ვუზიარებ. პარალელურად კი, ვემზადები ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიმართება და მაქსიმალურად შევეცდები შარშან მოპოვებული ტიტული შევინარჩუნო.
ჩემს კარიერას თვალი რომ გადავავლო, ყველაზე მეტად გული 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე მწყდება, სადაც ნიდერლანდელ მოწინააღმდეგესთან დავმარცხდი. ზედმეტად თავდაჯერებულად შევხვდი ამ დაპირისპირებას, რითაც უდიდესი შეცდომა დავუშვი. ეს წაგება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია. სუსტი მეტოქე გეყოლება თუ ძლიერი, ყველასთან ერთნაირი მონდომებით უნდა მოემზადო და ივარჯიშო.
ლაშა გუჯეჯიანის გადადგომაზე ვერაფერს ვიტყვი, საკუთარი საქმის თავად უკეთ იცის და ასეთ რაღაცეებში ჩარევა არ შეიძლება. ცოტა ნერვიულობს გულშემატკივარი, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატამდე ორი თვეა დარჩენილი, თუმცა ნაკრები მზადებას გადის და წესით, პლანეტის პირველობაზე ისევ კარგი შედეგი უნდა აჩვენონ.
თუ ჯარჯი ზვიადაურმა ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, დაკისრებულ მოვალეობას თავს აუცილებლად გაართმევს. დიდი სპორტსმენია, დიდი გამოცდილება აქვს დაგროვებული და საქართველოს ეროვნული გუნდისთვის მისი მოსვლა მართლაც ძალიან კარგი იქნება.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც თავის დროზე მე ვჭიდაობდი, ახლა გიორგი სარდალაშვილი გვყავს, რომელიც სტაბილური ძიუდოისტია, შრომისმოყვარეა. თუმცა, ამა თუ იმ ტურნირზე ყოველთვის დიდი მნიშვნელობა იმ დღის განწყობას ენიჭება, როდესაც ჭიდაობა უწევს. ზოგი ხასიათის ძიუდოისტია და კონცენტრაციას ვერ ახერხებს, მაგრამ გიორგის ძალიან დიდი იმედი მაქვს, რადგან ყველანაირი მონაცემები აქვს საიმისოდ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდეს.
ტატო გრიგალაშვილის და ტიმურ არბუზოვის მეტოქეობა? აქ იცით საქმე რაშია, ორივე ძალიან ძლიერი ძიუდოისტია და მათი დაპირისპირების შემთხვევაში, ყველაფერს სწორი ფსიქოლოგია და იღბალი გადაწყვეტს, რომელიც ჩემი აზრით საბედნიეროდ ტატოს არ აკლია. ზოგადად მგონია, რომ თანამედროვე საქართველოს ნაკრებში ყველაზე დიდი ტალანტი სწორედ გრიგალაშვილია, რადგან მას ტატამიზე პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მშრომელია, ძლიერია და შიშიც არ აქვს, მუდამ შემტევი სტილი აქვს და არ ჩერდება.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიადამდე ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძეც იჭიდავებს და ვინც უკეთეს შედეგს აჩვენებს, მწვრთნელმა ამის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს, ვის წაიყვანს ლოს-ანჯელესის 2028 წლის თამაშებზე. ორივე ძალიან მაგარია და არჩევანის გაკეთება ურთულესია.
შეგახსენებთ, რომ ნესტორ ხერგიანმა 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე - ვერცხლის, 1999 და 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე კი შესაბამისად, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. რაც შეეხება მის მონაგარს ევროპის ჩემპიონატზე, ხერგიანი კონტინენტის პირველობის ჩემპიონი 1998 და 2003 წელს გახდა, ხოლო 1999, 2000, 2001, 2002, 2007, 2008 და 2009 წლებში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.