თემურ ქეცბაია
Aa
Aa

„უნდათ ფეხბურთი მოისპოს“ | თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა სპეციალისტმა „ჟალგირისთან“ წაგებულ შეხვედრაზე, გიორგი ლორიასა და კლუბში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ჟალგირისთან“ მატჩზე

„„ჟალგირისთან“ მატჩზე საუბარი ვილნიუსში უნდა ყოფილიყო და არა ახლა, აქ, ამ ფორმატში. ყველასთვის მიუღებელია, რაც მოხდა: გუნდისთვისაც, ჩემთვისაც, გულშემატკივრებისთვისაც და მთელი საქართველოსთვის. ბევრი მიზეზია, რომ ამ მდგომარეობამდე მივედით. ამაში ჩვენც ვართ დამნაშავე, სხვებიც და ის სიტუაციაც, რაც ქართულ ფეხბურთშია შექმნილი.

განსახილველია მომდევნო ეტაპზე რატომ ვერ გავედით... ალბათ, სათანადოდ ვერ მოვემზადეთ და არ გვქონდა საშუალება, რომ მოვმზადებულიყავით, რაც ძალიან სამწუხაროა. სიმართლე გითხრათ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მე მაკისრია, რადგან მთავარი მწვრთნელი ვარ. როდესაც გუნდი ასე მარცხდება, პასუხისმგებლობა მწვრთნელმა უნდა აიღოს და, რა თქმა უნდა, ამას ვგრძნობ.

ბოლო დღეებში ვეცადეთ, ეს წაგება წარსულში დაგვეტოვებინა, რადგან ამაზე ფიქრი და აქცენტის გაკეთება შორს ნამდვილად ვერ წაგვიყვანს. ანალიზი აუცილებელია და ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრეთ. მომზადების გარდა, ტრავმების პრობლემაც გაჩნდა და ამას დაემატა ის, რომ თამაშის დროს ჩვენმა მცველმა დაზიანება მიიღო. შემადგენლობაში გადაადგილებების გაკეთება მოგვიწია და სამწუხაროა ისიც, რომ „ჟალგირისამდე“ „გურიასთან“ რთული შეხვედრა გავმართეთ. თამაშის გარდა, მგზავრობისთვის საჭირო 6 საათიცაა გასათვალისწინებელი. უნდა წახვიდე, ორი საათი ითამაშო ცუდ მინდორზე, ცუდ ამინდში, უკან დაბრუნდე... ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რა თქმა უნდა, მინდვრის ხელოვნურ საფარსაც დიდი როლი ჰქონდა. ჩვენი ბრალია, რომ „გურიასთან“ ასეთი თამაში მოგვიწია. ერთი-ორი წლის წინ გუნდი ევროტურნირზე თამაშობდა და ვერ მოვილაპარაკეთ, რომ მანამდე მატჩი გადადებულიყო. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ფედერაციის ბრალი იყო, თუმცა ეს ფედერაციის ბრალი არ არის, გუნდების ბრალია.

თამაშის შემხედვარე მე, როგორც მწვრთნელს, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემეძლო, ის იყო, რომ მინდორზე შევვარდნილიყავი და მატჩი ჩამეშალა. ერთადერთი გამოსავალი ეს იყო. ქართულ ფეხბურთსა და აქაურ სიტუაციაზე ბევრჯერ მილაპარაკია. ბევრჯერ მითქვამს, რა ნიჭიერი ერი ვართ, თუმცა გასამარჯვებლად მხოლოდ ნიჭი არ კმარა. დღევანდელ ფეხბურთში ფიზიკურ მომზადებასა და თავდადებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და, გარკვეულ მიზეზთა გამო, ჩვენ ეს გვაკლდა. ბოლო 20 წუთში თამაშის გაგრძელების თავიც არ გვქონდა.

„ჟალგირისზე“ უკეთესი გუნდი ვიყავით და ეს პირველ შეხვედრაში დავამტკიცეთ. სამი გოლი გავიტანეთ და კიდევ სამის გატანა შეგვეძლო, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ არიან ჩასაფრებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც მსგავს რაღაცებს ელოდებიან, რათა გამოვიდნენ და ამდენი ბოღმა, ამდენი შური და ზიზღი გადმოანთხიონ. ცდილობენ, ყველაფერს ყველანაირად გადაუარონ და მოსპონ. ეს არის მთავარი უბედურება.

სამი თვეა აქ ვარ და ყოველთვის ხალხს მოვუწოდებ, რომ სტადიონზე მოვიდნენ, გუნდს დაეხმარონ, ქართულ ფეხბურთს მხარში დაუდგნენ. მიუხედავად ამისა, სტადიონზე 2 000 კაცი ვერ შეიკრიბა. იმდენი ადამიანი ჩვენთან რომ მოსულიყო, რამდენიც „ჟალგირისთან“ ტრიბუნებზე იყო, 5 ან 6 გოლს გავუტანდით. 2 000 ქომაგით სამი გავუტანეთ და კიდევ სამის შეგდება შეგვეძლო, უფრო მეტი გულშემატკივრით კი მეტსაც ვიზამდით. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება.

არაფრის გაკეთება არ გვინდა, თუმცა მზად ვართ, ყველაფერი მიწასთან გავასწოროთ. „ჟალგირისთან“ წაგებული თამაშის შემდეგ მილიონ-ნახევარი ადამიანი გვაგინებდა და გვაფურთხებდა. თუ მართლა ასე შესტკივათ გული, მათი ერთი პროცენტი სტადიონზე რომ მოვიდეს, ქართულ ფეხბურთში, ალბათ, სხვანაირი სიტუაცია იქნება.

ამ თამაშზე ბევრი ვიფიქრე და არ მინდა, შუა გზაში მივატოვო ის, რაც დავიწყე. ჩვენს გასაკეთებელს ბოლომდე გავაკეთებთ. ასეთი რაღაც მოხდა, თუმცა წარსულში არ უნდა ჩავრჩეთ. 35 წელიწადია, ქვეყანა ვერ დალაგდა. ბოღმაში და შურში ვართ ჩარჩენილი და ჩვენ გვინდა, ფეხბურთი დალაგდეს?

ძალიან მიხარია, რომ „იბერია 1999“-ს „დილასთან“ მატჩი გადაუდეს. გუნდები შეთანხმდნენ და კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მინდა, ფედერაცია ჩაერიოს და არავის დაელოდოს. სხვა ქვეყნებში კლუბები ყოველ მესამე და მეოთხე დღეს თამაშობენ, თუმცა ჩვენ ამის საშუალება, ძალა და ღონე არ გვაქვს. ეს „ჟალგირისთანაც“ გამოჩნდა... არ ვართ იმისთვის მზად, რომ ამხელა დონეზე საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. ეს თავის გამართლება არ არის, ეს ფაქტია.

კარგი იქნება, მომავალში გუნდებს უკეთესად მომზადების საშუალება ჰქონდეთ. ჩემპიონატის ფორმატი იმიტომ შეიცვალა, რომ კლუბები ევროტურნირებს მაქსიმალურად კარგად მომზადებული შეხვდნენ და ერთი თამაშის გადადება პრობლემა არ უნდა იყოს. ეს გუნდების ბრალია, რადგან ერთმანეთს არ ვეხმარებით.

ახლა ვიღაცები გამოჩნდნენ, რომლებიც რომან ფიფიას ეუბნებიან, წადიო... კაცს ასობით მილიონი აქვს გუნდში ჩადებული. ხედავთ, კლუბს როგორი ბაზა, მინდვრები, საცხოვრებელი და სასტუმრო აქვს. იმის ნაცვლად, ფიფიასნაირებს ვეძახდეთ, უკვე იმ დონეზე არიან, რომ ასეთი ხალხიც აღარ უნდათ. აქ უნდათ ფეხბურთი მოისპოს და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. სანამდე უნდა ვიყოთ ამ ბოღმაში, ამ შურში და ჩასაფრებულ მდგომარეობაში“.

გიორგი ლორიაზე

„ინფორმაცია, თითქოს ლორიას დავემშვიდობე, ტყუილია. იძახით, რომ გუნდიდან გავუშვით, რაც სიმართლე არ არის — ლორია გუნდიდან არ გაგვიშვია. ლორიასთან საუბარი მქონდა და ვუთხარი: „დღევანდელი თამაშის მერე, შენ, როგორც პირველ მეკარეს, არ განგიხილავ. იცოდე, რომ მეტი შანსი არ მოგეცემა. წახვალ ხელმძღვანელობასთან, დაელაპარაკები მათ და რასაც გადაწყვეტენ, იმის მიხედვით გავაგრძელებთ თანამშრომლობას“.

ლორია ქართული ფეხბურთის, საქართველოს ნაკრებისა და „დინამოს“ ბრწყინვალე წარსულია, ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ. ძალიან პერსპექტიული და ახალგაზრდა მეკარეები იზრდებიან და მათ მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება. ეშმაკურად მოვქცეულიყავი? ხომ იცით, არ ვარ ეშმაკი! პირდაპირ ვუთხარი გიორგი ლორიას, რასაც ვფიქრობდი. ლორია კი არა, ისეთი ფეხბურთელები წავიდნენ „დინამო თბილისიდან“...

40 წლის მეკარე ან გუნდის წამყვანი უნდა იყოს, ან მესამე-მეოთხე გოლკიპერი. მე არ ვარ კმაყოფილი. არა მარტო გიორგითი, ბევრით არ ვარ კმაყოფილი და წინ გვინდა გავიხედოთ. სეზონის ბოლომდე კონტრაქტი აქვს და აქ იქნება. მე უბრალოდ ვუთხარი, რომ მინდა, ახალგაზრდებს შანსი მივცე და ის პირველი მეკარე არ იქნება“.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ მომდევნო შეხვედრას 9 აგვისტოს გამართა. ქეცბაიას გუნდის მეტოქე „სპაერია“ და მატჩი 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის საგოლე პასი - ვილიარეალმა ლევანტეს მოუგო
მიქაუტაძის საგოლე პასი - ვილიარეალმა ლევანტეს მოუგო