ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, ლამინ იამალი, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

The Athletic-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | რომელ ადგილზეა კვარა და რას წერენ მასზე

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Athletic-მა „ოქროს ბურთის“ რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის სათავეში ჰარი კეინი იმყოფება. მეორე პოზიციას მისი თანაგუნდელი, მაიკლ ოლისე იკავებს, ხოლო მესამეზე ლამინ იამალს ვხედავთ.

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-ში მოხვდა და The Athletic-მა „კვარას“ მეშვიდე ადგილი მიაკუთვნა.

რას წერს The Athletic-ი ხვიჩაზე

„„პარი სენ-ჟერმენის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება გუნდური ძალისხმევის დამსახურება უფრო იყო, ვიდრე ინდივიდუალური ბრწყინვალების. ტრავმებმა თავისი როლი ითამაშეს და იყო მომენტები, როდესაც „პარი სენ-ჟერმენის“ დაცვა და ნახევარდაცვა ვარსკვლავურ შეტევაზე უკეთ გამოიყურებოდა.

მარკინიოსმა, ვილიან პაჩომ, ნუნუ მენდეშმა, ვიტინიამ და ჟოაუ ნევეშმა შესანიშნავად იასპარეზეს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენებმა არასტაბილურობამ მათი შანსები შეამცირა. „ოქროს ბურთის“ მოქმედ გამარჯვებულს, უსმან დემბელეს ცუდი მუნდიალი არ ჰქონია და ექვსი გოლი გაიტანა, მაგრამ ტრავმების გამო, ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე მოედანზე 2000 წუთზე ნაკლები გაატარა. ფაბიან რუისმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მუხლის ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება, საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენა ხვიჩა კვარაცხელიასთვის „ოქროს ბურთის“ მოგების შანსების მხრივ, კარგიც აღმოჩნდეს.

25 წლის ფეხბურთელი ხშირად როტაციაში ხვდებოდა და ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე 2623 წუთი ითამაშა, მაგრამ 18 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მაინც მიითვალა. „ოქროს ბურთის“ სხვა კანდიდატებთან შედარებით, ეს საოცარი სტატისტიკა არაა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში „კვარა“ ყოველთვის განსხვავებას ქმნიდა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალსა და მეოთხედფინალში მან ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, „ბაიერნთან“ კი ორი გოლი და ერთი ასისტი გაიფორმა. ფინალში, „არსენალის“ წინააღმდეგ მან პენალტი მოიპოვა, რომლითაც მისმა გუნდმა წონასწორობა აღადგინა.

მსოფლიო ჩემპიონატის წლის დროსაც კი, ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიას ნაჩვენები ფეხბურთის დაუფასებლობა არ შეიძლება. ხვიჩას შანსები შეიძლებოდა გაზრდილიყო, „პარი სენ-ჟერმენს“ ახალი სეზონი იდეალურად რომ დაეწყო, მაგრამ ლუის ენრიკეს გუნდმა ლიგა 1-ის შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ოთხი მოიგო, მის ანგარიშზე კი ორი გოლი და ერთი ასისტია“.

ცნობილი ბრიტანული გამოცემის ტოპ 10 ასე გამოიყურება: 1) ჰარი კეინი, 2) მაიკლ ოლისე, 3) ლამინ იამალი, 4) კილიან მბაპე, 5) როდრი, 6) ერლინგ ჰოლანდი, 7) ხვიჩა კვარაცხელია, 8) ლუის დიასი, 9) ჯუდ ბელინგემი, 10) ლიონელ მესი.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    TNT Sports-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | კეინი ფავორიტია, ხვიჩა ხუთეულშია
    TNT Sports-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | კეინი ფავორიტია, ხვიჩა ხუთეულშია