იბერია 1999
Aa
Aa

მძიმე პერიოდი, პრობლემები გასვლაზე და ფიასკო თასზე | იბერია 1999-ის მომდევნო მეტოქე

უეფას კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში „იბერია 1999“-ის მეტოქე „მიალბია“. Crystalbet ეროვნული ლიგის ჩემპიონი შვედეთის ჩემპიონს საშინაო არენაზე, „მიხეილ მესხზე“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

„მიალბი“ სოფელ ჰალევიკის გუნდია, რომლის მოსახლეობა 1500 ადამიანსაც კი არ აღემატება (უფრო კონკრეტულად, იქ 1485 ადამიანი ცხოვრობს). „მიალბი“ 1939 წელს დაარსდა და ქვეყნის ჩემპიონი გასულ სეზონში ისტორიაში პირველად გახდა და თასიც მოიგო. გუნდის ისტორიის დიდი ნაწილი უმაღლეს დივიზიონში დასაწინაურებლად ბრძოლას უკავშირდება. ათი წლის წინ „მიალბი“ მეოთხე დივიზიონში დაქვეითებასთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა კატასტროფა თავიდან აირიდა და სწორი სტრატეგიისა თუ სკაუტინგის წყალობით წარმატებას მიაღწია.

2025 წლის სეზონის წარმატებით დასრულების მიუხედავად, „მიალბის“ ამჟამად რთული პერიოდი უდგას. 16-გუნდიან ჩემპიონატში მოქმედი ჩემპიონი 23 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას 5, ხოლო პლეიაუტს 4 ქულა აშორებს. 24 ტურში „მიალბის“ მხოლოდ 5 მოგება აქვს და 40 გოლი გაუშვა.

შვედეთის ჩემპიონს განსაკუთრებით სტუმრად უჭირს. ყველა ტურნირის ფარგლებში, „მიალბიმ“ გასვლაზე ბოლოს 9 მაისს მოიგო, როდესაც „დეგერფორსი“ 4:1 დაამარცხა. მას შემდეგ გუნდმა სტუმრად 6 ფრე ითამაშა და 7-ჯერ წააგო.

„მიალბის“ 13 ლეგიონერი ჰყავს და Transfermarkt-ზე კლუბის საბაზრო ღირებულება 17.3 მილიონი ევროა. შვედების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ცენტრალური მცველი აბდულა იქბალია (3 მილიონი ევრო). მის შემდეგ ცენტრალური ნახევარმცველი მადს ენგარდი (2.5 მილიონი ევრო) და ცენტრალური მცველი აქსელ ნორენი (2 მილიონი ევრო) მოდიან.

ბოლო 15 თამაშიდან „მიალბიმ“ მხოლოდ ორი მოიგო. კონფერენს ლიგის პირველ ტურში მათ ანდორას წარმომადგენელი „ინტერ ესკალდესი“ დაამარცხეს, მანამდე კი 15 აგვისტოს „სირიუსს“ 4:3 მოუგეს.

6 ოქტომბერს „მიალბი“ შვედეთის თასიდან რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე „ტროლჰატანმა“ გამოაგდო (სტუმრად 0:1 წააგეს). „ტროლჰატანი“ მეორე დივიზიონში გადასვლისთვისაც კი ვერ იბრძვის — 27 ტურის შემდეგ მას 38 ქულა აქვს და პირველადგილოსან „ტრელებორგს“ 22 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ასეთი ძალით ილიაც ვერ ჩაარტყამდა“ | არდას ეპიზოდი, უკმაყოფილო სევილია და ჟოზეს პასუხი
    „ასეთი ძალით ილიაც ვერ ჩაარტყამდა“ | არდას ეპიზოდი, უკმაყოფილო სევილია და ჟოზეს პასუხი