დეაარონ ფოქსი, ვიქტორ ვემბანიამა, დენი ავდია
Aa
Aa

სან ანტონიოს რეკორდი და ვემბის დაბრუნება | 19 ქულით აგებდნენ, 21 ქულით მოიგეს

„სან ანტონიო სპურსმა“ „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ მეორე გასვლითი შეხვედრაც მოუგო და პლეიოფის სერიაში 3:1 დაწინაურდა. ტეხასელებს ვიქტორ ვემბანიამა დაუბრუნდათ, რომელსაც ტვინის შერყევის შემდეგ პარკეტზე გასვლის უფლება მისცეს და ფრანგმა ცენტრმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

მატჩი „პორტლენდის“ უპირატესობით დაიწყო. მეორე მეოთხედში „ტრეილ ბლეიზერსი“ 19 ქულით იგებდა და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა — 58:41. „სან ანტონიომ“ მეორე ნახევარი ფენომენალურად ჩაატარა. „სპურსმა“ მესამე მეოთხედი 33:16, მეოთხე მეოთხედი კი 40:19 მოიგო და საბოლოოდ, 114:93 იმარჯვა.

„სან ანტონიომ“ NBA-ის რეკორდი დაამყარა: „სპურსი“ პირველი გუნდია, რომელმაც პლეიოფის შეხვედრის პირველი ტაიმი 15+ ქულით წააგო და მატჩი 15+ ქულით მოიგო.

ტეხასელთა რიგებში საუკეთესო დი’აარონ ფოქსი იყო, რომელმაც 28 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ვემბანიამას 27 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი, 4 ჩაჭრა და 7 დაფარება ჰქონდა. ვიქტორი ჰაკიმ ოლაჯუვონის შემდეგ პირველი კალათბურთელია, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში ასეთი სტატისტიკა დააფიქსირა. სტეფონ კასლმა მატჩი 16 ქულით დაასრულა.

„პორტლენდის“ მხრიდან 26 ქულით დენი ავდია გამოირჩა, რომელსაც ზემოთ ხსენებულ კასლთან შელაპარაკება მოუვიდა. მატჩის ბოლოსკენ სტეფონმა „ენდ უანი“ ჩააგდო, რის შემდეგაც ავდიას ბურთი მკერდზე მიარტყა. დენის ეს არ მოეწონა და „სან ანტონიოს“ კალათბურთელს ხელი ჰკრა, რაზეც პასუხი მიიღო, თუმცა თანაგუნდელებმა და მსაჯებმა სიტუაცია მალე განმუხტეს.

„სან ანტონიო“ სერიაში 3:1-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს. „სპურსს“ შანსი ექნება, მეორე რაუნდის საგზური მოიპოვოს და სერია დახუროს. მატჩი 29 აპრილს არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართული ძალოსნობის წინააღმდეგ ვანდალიზმი ხდება“ - ასანიძე მიზეზებზე საუბრობს
„ქართული ძალოსნობის წინააღმდეგ ვანდალიზმი ხდება“ - ასანიძე მიზეზებზე საუბრობს