„ქართული ძალოსნობის წინააღმდეგ ვანდალიზმი ხდება“ - ასანიძე მიზეზებზე საუბრობს
ბათუმში გამართულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ქართველმა ძალოსნებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. სპორტის ამ სახეობაში ბოლო პერიოდში ქართველი გულშემატკივრები გაცილებით მაღალი მიღწევებით იყვნენ განებივრებულნი, რის გამოც ბუნებრივია კმაყოფილების საფუძველი ვერ იქნება. თუმცა, კონტინენტის პირველობის შეფასების დროს, მედიასთან საუბრისას საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საკმაოდ საინტერესო ფაქტზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი ასანიძე
ეს იყო არამხოლოდ ბოლო პერიოდში, არამედ მთლიანად ისტორიის მანძილზე საუკეთესო კონტინენტის პირველობა ძალოსნობაში. ამ ყველაფერს ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის ფედერაციას გარკვეული სიახლეები შევთავაზეთ, რამაც მათი მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა და ეს დასკვნაშიც იქნება მითითებული.
შედეგების კუთხით ბუნებრივია კმაყოფილები ვერ ვიქნებით, თუმცა ამას აქვს თავისი მიზეზები. არ მინდა ამ თემას ჩავუღრმავდე, თუმცა ის ვანდალიზმი, რაც ბოლო პერიოდში ქართული ძალოსნობის წინააღმდეგ ხდება, ჩვენს გამოსვლაზე უარყოფითად აისახა. რომ არა ეს მტარვალობა და სხვას ამას ვერაფერს ვუწოდებ, სამით მედალი ოქროს მედალი გვექნებოდა ამ ტურნირზე. მოვუწოდებ ყველას, რომ გვერდში დაგვიდგნენ ამ უსამართლობასთან ბრძოლაში.
ცნობისათვის, ასანიძემ ვანდალიზმსა და მტარვალობაში იგულისხმა რამდენიმე თვის წინ მომხდარი ფაქტი, როდესაც დოპინგ-სკანდალის გამო, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების სამ წევრს, რევაზ დავითაძეს, გურამ გიორბელიძესა და კახი ასანიძეს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.