ძალოსნების რვა მედალი - ევროპის ჩემპიონატი დასრულდა
ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნებიდან ბოლოს ბაქარ თურმანიძემ (+110 კგ) იასპარეზა, რომელმაც ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და მაქსიმალური მაჩვენებელი 187 კილოგრამი დააფიქსირა, რაც მეოთხე ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი. აკვრაში კი მისთვის შედეგიანი მხოლოდ საწყისი ორი ცდა (208 და 219 კილოგრამი) იყო, 225 კილოგრამი კი ვერ დაიმორჩილა და ატაცის მსგავსად, როგორც აკვრაში, ასევე ორჭიდის ჯამში მედლის გარეშე დარჩა.
საერთო ჯამში კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრებმა 8 მედლით დაასრულეს. საუკეთესო შედეგი კი ზურაბ მსხალაძემ (88 კგ) და გოდერძი ბერდელიძემ (60 კგ) აჩვენეს, რომლებიც შესაბამისად აკვრასა და ატაცში ჩემპიონები გახდნენ. მსხალაძემ კიდევ ერთი, ვერცხლის მედალი ჩვენი ქვეყნის დელეგაციას ორჭიდის ჯამში მოუტანა და საერთოდაც მხოლოდ მან და ანასტასია გოტფრიდმა შეძლეს ერთზე მეტი მედლის მოპოვება - ეს უკანასკნელი დღეს ატაცსა და ორჭიდის ჯამში ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
დანარჩენი სამი მედალი კი, რამინი შამილიშვილის (ბრინჯაო), არჩილ მალაყმაძის (ბრინჯაო) და მანუჩარ გოგოხიას (ბრინჯაო) ანგარიშზეა. შამილიშვილმა და გოგოხიამ წარმატებას - ატაცში, ხოლო მალაყმაძემ აკვრაში მიაღწია.