2-წლიანი პაუზა მქონდა, შესანიშნავი დაბრუნება იყო | გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატი შეაფასა
ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ქალთა შორის 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში ანასტაცია გოტფრიდმა ატაცში 118 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. აკვრაში 144 კილოგრამი ასწია და ორჭიდის ჯამში 262 კგ. დააფიქსირა, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ატაცში ვერცხლისა და ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანასტასია გოტფრიდი კრისტალსპორტს ესაუბრა
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სპორტში 2-წლიანი პაუზა მქონდა, ეს იყო შესანიშნავი დაბრუნება კარიერაში და საუკეთესო შედეგი, საუკეთესო ჯამი ბოლო, ალბათ, 6 წლის განმავლობაში.
გასაგებია, რომ სპორტსმენს ყოველთვის მეტი უნდა, მაგრამ ეს ნამდვილად ისაა, რისთვისაც დღეს ვიყავი მზად. შესაძლოა, ატაცში რამდენიმე კილოგრამი დავაკელი, მაგრამ მთლიანობაში შედეგით კმაყოფილი ვარ.
სახლში გამოვდივარ, ძალიან მომწონს და სასიამოვნოა, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა ჩემს მხარდასაჭერად. იგრძნობოდა ეს ენერგია, სახლში კედლებიც კი გეხმარება. ამიტომაც მივიღე, ალბათ, საუკეთესო შედეგი''.
ამავე წონაში საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი მარიამ მურღვლიანი გამოვიდა. ატაცში მურღვლიანმა 108-კილოგრამიანი შტანგა ასწია და მერვე ადგილზე გავიდა. ატაცში 108 კგ, აკვრაში კი 130 კგ. დაძლია და საბოლოოდ მეცხრე ადგილი დაიკავა. აღნიშნულ წონაში ევროპის ჩემპიონი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ემილი კემპბელი გახდა.