ნახევარფინალისტების გაერთიანებული XI | კვარა The Athletic-ის რჩეულებში
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის დაწყებამდე ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ, The Athletic-მა, საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. The Athletic-ის ჟურნალისტებმა ნახევარფინალში გასული გუნდებიდან („ბაიერნი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „პარი სენ-ჟერმენი) გაერთიანებული თერთმეტეული შეადგინეს და ყველა მათგანმა მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია დააყენა.
„კეინს „ბაიერნში“ მორიგი საოცარი სეზონი აქვს. „რეალთან“ 50-ე საკლუბო გოლი გაიტანა და უკვე მის აქტივში 53 გოლია. არ შემეძლო, ნახევარფინალის გაერთიანებულ თერთმეტეულში გაბრიელი და ხვიჩა კვარაცხელია არ შემეყვანა. გაბრიელი „არსენალის“ დაცვის გულში შესანიშნავად გამოიყურება, კვარაცხელიას თამაშის ყურება კი ნამდვილი სიამოვნებაა“, — წერს ოლივერ კეი.

„ოთხი შემტევით ვიქნები. თავდამსხმელად კეინი უმარტივესი არჩევანია. კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, განსაკუთრებით თუ ნუნუ მენდეში ჩარბენებს უკეთებს. მაიკლ ოლისე იმავე საფრთხეს მარჯვენა ფლანგზე ქმნის, მაგრამ ისეთი ხედვა და თავდაჯერებულობა აქვს, ათიანზე ვათამაშებ, დემბელეს კი მარჯვნივ ვაყენებ“, — აცხადებს ჯეკ ლენგი.

„შეტევაში უარს ვერ ვიტყვი კეინისა და ოლისეს არჩევაზე — ორივე მათგანი შესანიშნავ სეზონს ატარებს. იმის დასამტკიცებლად, რომ ბუნდესლიგისადმი მიკერძოებული არ ვარ, ლუის დიასს ხვიჩა კვარაცხელიას ვამჯობინებ. მათ შორის დიდი სხვაობა არ არის და ერთის არჩევით არაფერს ვკარგავ“, — ამბობს სებ სტაფორდ-ბლური.

„ყველაზე რთული არჩევანი შეტევაშია. ოლისე და კეინი ისეთ საოცარ ფორმაში არიან, ჩემს შემადგენლობაში აუცილებლად უნდა მოხვდნენ. მარცხენა ფლანგი რჩება, სადაც უპირატესობას ხვიჩა კვარაცხელიას ვანიჭებ. 25 წლის ქართველის უნარი, მსუბუქად და ელეგანტურად წავიდეს წინ და უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინოს შეტევა, ნამდვილად გამოსარჩევია, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება იმასაც, ბურთის დასაბრუნებლად რამდენს შრომობს, როდესაც მისი გუნდი მას კარგავს“, — აღნიშნავს მარკ კერი.

„ოლისე (ექვსი) და კვარაცხელია (ხუთი) ნახევარფინალისტებს შორის საუკეთესო მეპასეები არიან. ოლისე ფლანგზე ტემპს გაზრდის, ხოლო კვარაცხელია თავისი სიჩქარით მეურვეს გასცდება და ძალიან ძლიერი დარტყმაც აქვს. ისინი შესანიშნავ დუეტს შექმნიდნენ“, — აჯამებს ლაია კერველიო ერერო.

შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარფინალური შეხვედრა 28 აპრილს გაიმართება. თბილისის დროით 23:00-ზე „პარი სენ-ჟერმენი“ „პარკ დე პრენსზე“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ლეგენდარულმა ჟან-პიერ პაპენმა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნზე“ ისაუბრა და საკუთარი შეტევის ტრიო ჰარი კეინისგან, ბრედლი ბარკოლასგან და უსმან დემბელესგან დააკომპლექტა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.